ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის პირველი თამაში გამართა და შინ ჩრდ.ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"მოგეხსენებათ, ეს ჩვენი პირველი შეკრებაა, გაცნობის პროცესში ვართ, ვეცდებით, მალე მივიტანოთ ფეხბურთელებთან ის ყველაფერი, რაც წარმატებისთვის საჭიროა, მათ შორის ხასიათი.
მენტალურ მდგომარეობაზე და ხასიათზე მინდა ვთქვა, რომ ამაზე დიდი პრეტენცია მაქვს და ამასთან დაკავშირებით საუბარი ფეხბურთელებთანაც მქონდა. ხასიათი და საქმისადმი სწორი მიდგომა აუცილებელია. მოედანზე ლიდერი უნდა გამოჩნდეს. დღეს მოედანზე ამის პრობლემა გვქონდა და ბევრი გვაქვს სამუშაო.
არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ სულ ნეგატივზე ვისაუბრო. არ გეგონოთ, რომ ვინმემ რამე დააკლო, უბრალოდ გვჭირდება დრო, რომ იმის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე", - განაცხადა სვანაძემ.








