ლონდონის არსენალისა და მადრიდის რეალის მატჩის წინ, კვლავ აქტუალური გახდა ტიერი ანრის სიტყვები მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან. ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი იხსენებს ჩემპიონთა ლიგის 2005/06 წლების სეზონის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას, რომელშიც "მეთოფეებმა" სწორედ "ბლანკოსს" მოუგეს.
"რეალთან გამარჯვება ჩვენთვის გარდამტეხი გამოდგა. როდესაც ამარცხებ გუნდს, რომელიც წარმოადგენს მთელ საფეხბურთო სამყაროს, რაღაც საკითხებს შემდეგ უკვე სხვა თვალით უყურებ. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში შორს ვიყავი იმ ფიქრისგან, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს შევძლებდით.
ამ გამარჯვებამ შეგვმატა თავდაჯერებულობა და შემდგომი წარმატება აღარ ჩანდა ისეთი არარეალური, როგორიც ეს მადრიდელებთან მატჩამდე იყო. ამ მოგებით, თავი კვლავ დაუმარცხებლად ვიგრძენი", - იხსენებს "კანონირების" ყოფილი კაპიტანი.