ტოტენჰემმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დახარჯა 350 მილიონ ევროზე მეტი, თუმცა სოლიდური გაძლიერების მიუხედავად, დედაქალაქელები უსირცხვილოდ განისვენებენ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ფსკერზე, 0 ქულითა და 0 გატანილი ბურთით. ბრენტფორდთან განადგურების შემდეგ, ლონდონელებმა ნიუკასლთანაც წააგეს.
სწორედ "კაჭკაჭებთან" მარცხის შემდეგ, რობერტო დე ძერბი შეეხო "მამლებისთვის" ყველაზე მტკივნეულ პრობლემას - გამარჯვებულის მენტალიტეტის არ არსებობას. "სწორი მენტალობა არის ის, რასაც ვერ იყიდი ბაზარზე და ვერც ბევრი ახალი მოთამაშის დამატებით შეიძენ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ჰოტსპურ სთეიდიუმის ბინადრების ამჟამინდელი მწვრთნელი არ არის პირველი თავკაცი, ვინც ამ პრობლემას ხაზი გაუსვა. წარსულში აღნიშნულ საკითხზე საუბრობდნენ ტოტენჰემის სხვა დამრიგებლებიც, მაგალითისთვის ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე. როგორც ვხედავთ, მათი ხედვა უმოკლეს დროში 47 წლის სპეციალისტმაც გაიზიარა.
"ყველაზე სასაცილო ის იყო, როდესაც ტოტენჰემმა, რომელსაც ცარიელი საპრიზო ოთახი აქვს, ფინალამდე ორი დღით ადრე გამათავისუფლა. ლონდონელებს 50 წელია არაფერი მოუგიათ, აღარც მახსოვს ეს როდის იყო. ტიტულის მოპოვების შანსი გვქონდა, მაგრამ გამიშვეს, გასაგებია რატოც", - ეს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებია.
"ტოტენჰემი მიჩვეულია ამას. არ თამაშობენ რაიმე მნიშვნელოვანისთვის, არ შეუძლიათ წნეხის ქვეშ ყოფნა. კომფორტში ყოფნა უფრო ადვილია. ეს არის ლონდონელთა ისტორია. 20 წელია ლევისთან არიან და არაფერი მოუგიათ, რატომ?", - ეს კი უკვე იტალიელი სპეციალისტის კრიტიკული კომენტარი.













