
ჩაბი ალონსოს პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1999 წელს იწყება, როდესაც სოსიედადთან აფორმებს კონტრაქტს და მეორე გუნდის წევრი ხდება. 2000 წელს, ის მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც 2004 წლამდე თამაშობდა და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. ჩაბი ალონსო 2004 წელს ლივერპულმა შეიძინა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და 2009 წელს, კარიერა მადრიდის რეალში გააგრძელა. მან სამეფო კლუბში არაერთი ტიტული, მათ შორის ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, მოიგო. 2014 წელს ესპანელი ნახევარმცველი ბაიერნში გადავიდა, სადაც, 2017 წელს, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
მიკელ არტეტას საფეხბურთო კარიერა განსხვავებულად წარიმართა - 1999 წელს ის ბარსელონას მეორე გუნდში აღმოჩნდა, თუმცა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2005 წლამდე, არტეტა სხვადასხვა დროს პსჟ-ს, რეინჯერსისა და სოსიედადის ღირსებას იცადა, ხოლო 2005 წლიდან პრემიერ ლიგაში გადაბარგდა, სადაც ლივერპულის ლურჯ მხარეს, ევრტონში აღმოჩნდა. 6-წლიანი ლივერპულური კარიერის შემდეგ, 2011-16 წლებში არსენალის რიგებში თამაშობდა, სადაც დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ორივემ სამწვრთნელო კარიერა დაიწყეს - ჩაბი ალონსო რეალ სოსიედადში დაბრუნდა, ხოლო არტეტამ მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. დღეს კი მათი გუნდები ევროპაში წამყვან ადგილებს იკავებენ - ლევერკუზენი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო არსენალი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ზაფხულში, როდესაც არსენალმა დეკლან რაისი დაიმატა და გრანიტ ჯაკას გაყიდვა გადაწყვიტა, არტეტამ ალონსოს დაურეკა და მისი ტრანსფერი შესთავაზა. ჩაბიმ მიიღო მეგობრის რჩევა და დღეს ჯაკა მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.










