მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის იუვენტუსში შესაძლო დარჩენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დარჩენის შანსი რეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ "ბებერი ქალბატონი" დასახული მიზნის შესრულებასთან ახლოს არის. იტალიელი სპეციალისტი გულისხმობს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასა და იტალიის თასის მოგებას.
"იუვენტუსიდან წასვლა? - გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, არ ღირს წინასწარ საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მიზნად დავისახეთ ორი რამ - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და იტალიის თასის მოგება. ახლოს ვართ მიზანთან, კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდების მუშაობით", - განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.
სერია ა-ში ჩატარებული 34 შეხვედრის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" 65 ქულით მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება იტალიის თასს, წინ ფინალია, სადაც მეტოქე ატალანტა იქნება.