ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის წინ, მასპინძელთა გულშემატკივრებმა სოციალური ქსელის საშუალებით მოწინააღმდეგეს მიმართეს. შეგახსენებთ, რომ "არწივებისა" და "ჯვაროსნების" მატჩი გაიმართება 10 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე.
"ეარ ალბანიას სტადიონი საქართველოსთან დაპირისპირებისთვის სავსე იქნება. დაიმახსოვრეთ - ჩვენ ვართ ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე შინ ერთი ბურთიც არ გაუშვია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!", - წერს ბალკანელთა ქომაგთა გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ ტურში "ჯვაროსნებმა" საკუთარ კედლებში გაანადგურეს ჩეხეთის ნაკრები, ანგარიშით 4:1, "შავ-წითლებმა" კი უკრაინის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგეს. რაც შეეხება ჩვენი ნაკრებისა და ალბანეთის ურთიერთმატჩების ისტორიას: 15 თამაში, 8-ჯერ მოიგო საქართველომ, 3-ჯერ "არწივებმა", 4 თამაში კი ფრედ დასრულდა.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ "ჯვაროსნებმა" თავიანთ ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება სწორედ ბალკანელების წინააღმდეგ მოიპოვეს. აღნიშნული დუელის საუკეთესო გოლეადორი არის შოთა არველაძე, რომელმაც "შავ-წითლებს" 6 ბურთი გაუტანა.