რეალ მადრიდში დავიდ ალაბას თაობაზე, მის კონდიციასა და მოედანზე დაბრუნების თარიღზე ბევრს ნერვიულობენ. გეგმის მიხედვით, რომელიც თვეების წინ გაიწერა, 32 წლის ავსტრიელი მცველი, სათამაშოდ უკვე მზად უნდა იყოს, თუმცა ფეხბურთელი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს აგრძელებს.
ალაბამ მოედანზე ვარჯიში სულ რაღაც 4 დღის წინ დაიწყო, თუმცა როგორც ესპანელი კოლეგები წერენ, ფეხბურთელს მუხლზე ტკივილები ისევ აწუხებს, რის გამოც მისი დაბრუნების თარიღი დიდი ალაბთობით კიდევ გადაიწევს.
ავსტრიელმა ფეხბურთელმა მუხლზე ჯვარედინი იოგები 2023 წლის დეკემბერში გაიწყვიტა — როგორც წესი, ფეხბურთელები ასეთი დაზიანების შემდეგ, დაახლოებით 6-7 თვეში უკვე ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებენ, თუმცა ფაქტია ალაბას სხეულს აღდგენა უჭირს და მისი პრობლემები კვლავ გრძელდება.
ალაბას პრობლემებისა და ზოგადად ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ფონზე, კარლო ანჩელოტის გუნდი იანვარში დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, მინიმუმ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს.