ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ნაკრები სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.
დღეს, ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩაფრინდება, მზადებას იქ გააგრძელებს და 18 ივნისს, პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მონტენეგროსთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა LaGazzetta.ge-სთან ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელია: "ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. კარგად ვითამაშეთ, კარგ განწყობაზე ვართ, თან ახალი რაღაცები დავხვეწეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. მარტში ისტორია დავწერეთ, ოცნება ავიხდინეთ და თავდაჯერებულები ვართ. ყველას დავანახეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია და გერმანიაში მოსაგებად ჩავდივართ. მადლობას ვეტყვი ქართველებს, რომ ჩვენს საქომაგოდ ამხელა გზაზე მოდიან. მათი მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება და ეს საბერძნეთთანაც გამოჩნდა."
ზურიკო დავითაშვილი: "შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა, ამხანაგური მატჩიც მოვიგეთ და გერმანიაში პოზიტიური განწყობით მივდივართ, სადაც ვეცდებით მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ. იმედია, იმას გავაკეთებთ, რაც ყველას ერთად გვინდა. პირველი ორი თამაში მნიშვნელოვანი იქნება და სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ. ევროპის ჩემპიონატის შეკრება განსხვავებულია, უფრო ემოციურად ვართ და იგრძნობა, რომ დიდ ტურნრიზე უნდა ვითამაშოთ. კლუბში კარგი პერიოდი მქონდა და იმედია, ეს ნაკრებში გამომადგება."
გიორგი გველესიანი: "ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა არასდროს მიგვიღია. მონტენეგროსთან გენერალური რეპეტიცია იყო ამ დიდ ტურნირამდე. კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. ნაკრებში თამაშს მრავალი წლის განმავლობაში ველოდი. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია და ეს ოცნება, რასაც ნაკრებში თამაში ჰქვია, 33 წლის ასაკში ავიხდინე. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ნდობა გამომიცხადა. ამის შემდეგ უკვე მაქვს დამატებითი მოტივაცია, რომ ჩემი კარიერის მაქსიმუმი გავიღო."
ვილი სანიოლი: "რა თქმა უნდა, გამარჯვებას თავდაჯერება მოაქვს და ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვართ. მეორე ტაიმი შედარებით რთული იყო ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და უკეთესი რეალიზაციის შემთხვევაში შედეგიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ახლა, ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. კიდევ 9 დღე გვაქვს მოსამზადებლად და სამუშაოდ. ევროპის ჩემპიონატიდან დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. მომავალი მნიშვნელოვანია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის ტურნირზე თამაში მათ და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს".