50 წელი თბილისური გუნდის ტრიუმფიდან — 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამო“ პირველად დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ შესასვლელთან მემორიალური დაფა გაიხსნა, „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა ილია ბაბუნაშვილის წიგნის პრეზენტაცია — „ჩემი გაზაფხულის ფეხბურთი“, ასევე გაიმართა გიგა გვენცაძის ფილმის — „ახალი გუნდი (მეექვსე ფინალი)“ პრემიერა.
ღონისძიებას ლეგენდარული „დინამოელები“, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, სპორტის მინისტრი, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სპორტული ჟურნალისტები და სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ედუარდ კალანტარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ხაჩიკ ჩახოიანი დაესწრნენ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ლეგენდარულმა „დინამოელებმა," დიდმა კაპიტნებმა, მანუჩარ მაჩაიძემ და ალექსანდრე ჩივაძემ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ.

1936 წლიდან საბჭოთა კავშირის თასის მოპოვება აუხდენელ ოცნებად რჩებოდა სხვადასხვა თაობის ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. 40 წლის განმავლობაში, 1936-დან - 1976 წლამდე, „დინამომ“ 5-ჯერ ითამაშა თასის ფინალში და თასს მეექვსე ცდაზე დაეუფლა. თბილისურმა გუნდმა 1976 წლამდე 5 ფინალი წააგო. ხუთივე მოსკოვში და ხუთივე მოსკოვის გუნდებთან.
1976 წლის დასაწყისში „დინამო თბილისს“ სათავეში ნოდარ ახალკაცი ჩაუდგა და ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო.

1976 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, ლუჟნიკებზე, თასის ფინალში „დინამომ“ დიდი ანგარიშით, 3-0, მოუგო ერევნის „არარატს“, თასის მოქმედ მფლობელს.
1976 წლიდან იწყება თბილისის „დინამოს“ გამარჯვებათა სერია, რომელიც 1981 წლის 13 მაისით დაგვირგვინდება.
საიუბილეო ღონისძიება სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.












