ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის, თურქების გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა, ჯერჯერობით, საუკეთესო იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ეს შეხვედრა გამოსარჩევია იმითაც, რომ რამდენიმე რეკორდიც დამყარდა.
პირველი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძე გახდა საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
მადრიდის რეალისა და თურქეთის ნაკრების ტალანტი, არდა გიულერი, თავისი ულამაზესი გოლით ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა, რომელმაც ევროზე გაიტანა (19 წლის და 114 დღის), მან კრიშტიანო რონალდუს რეკორდი მოხსნა (19 წლის და 128 დღის).
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას, ფეხბურთელებმა კარში ჯამში 36-ჯერ დაარტყეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე ჩემპიონატზე, ზოგადად კი ამ კომპონენტში მხოლოდ 2020 წლის ევროს მატჩს ჩამორჩება, როცა თურქეთისა და შვეიცარიის მატჩში გუნდებმა კარში 42-ჯერ დაარტყეს.