ატლეტიკო მადრიდი უახლოეს საათებში ბელგიელ ტალანტს გაიფორმებს — 18 წლის არტურ ვერმეერენი ანტვერპენიდან კარიერას მადრიდულ კლუბში გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე ესპანეთში იმყოფება და უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. მხარეებს შორის კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება. ბელგიური გუნდი ამ გარიგებით €27 მილიონამდე მიიღებს (ბონუსების ჩათვლით).
ატლეტიკოს ინტერესი არტურის მიმართ, რამდენიმე თვის წინ დადასტურდა. მადრიდულმა კლუბმა კი ტრანსფერის დახურვა იანვარში გადაწყვიტა, რადგან ზაფხულში მოსალოდნელი იყო სხვა გუნდების გააქტიურება. ვერმეერენის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენდნენ, როგორიცაა ლივერპული, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა, თუმცა ყველა მათგანს ატლეტიკომ აჯობა.
არტური ადგილობრივი ლიერსეს აკადემიის აღზრდილია, საიდანაც მალევე მეხელენში გადაბარგდა. 2018 წელს კი ანტვერპენმა სრულიად უფასოდ დაიმატა, სადაც პატარა ასაკის მიუხედავად, უამრავ წარმატებას მიაღწია. 18 წლის ასაკში, არტურს ბელგიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერ თასი აქვს მოგებული. ანტვერპენის რიგებში კი ჯამში 72 თამაში მოუგროვდა, რა დროშიც 4 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.
ვერმეერენს ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა.