2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამაიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ რაუნდში სულამანიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ვაზარით იგებდა, თუმცა მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სულამანიძე ისტორიულ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ... განიავებული ოქროს მედალი არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ისტორიულად, ამ წონით კატეგორიაში ქართველებს "მოუხსნელი წყევლა" გვაქვს.
ქართული ძიუდოს ლეგენდამ და კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა ისე დაასრულა, რომ ვერც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ვერც ოლიმპიადა. ის -100კგ-ში გამოდიოდა.
2017 და 2018 წლების ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა. სულამანიძის ვერცხლამდე, ამ წონაში ოლიმპიადაზე მედლებიც კი ვერ ავიღეთ. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ლიპარტელიანმა ვერცხლი აიღო, თუმცა მაშინ -90კგ-ში იყო, ამავე წონაში იყო მაშინ, როცა 3-გზის ევროპის ჩემპიონი გახდა. -100 წონით კატეგორიაში კი ლიპოს დიდ ფორუმებზე ოქრო არ მოუგია.
ამ წონაში ჭიდაობდა ბექა ღვინიაშვილი, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის, სამწუხაროდ, მასაც არ მიუღწევია.
ოქროს თაობის წასვლის შემდეგ, ასპარეზზე ილია სულამანიძე გამოჩნდა. 23 წლის ძიუდოისტმა ლიპარტელიანი ჩაანაცვლა, მაგრამ ოქრომდე წვდომა მასაც არ აქვს. სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორი ფინალი წააგო, ჯერ 2023 წელს მონპელიეში, შემდეგ კი - 2024 წელს ზაგრებში.
2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, 2024 წლის ოლიმპიადაზე, ასევე, ვერცხლის მედალოსანი გახდა, თუმცა ილია ჯერ 23 წლისაა და ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ ამ წონის წყევლა ქართულ ძიუდოს მოაშოროს და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალოს.