ვიქტორ გიოკერეში ლონდონის არსენალის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ბევრს არ ახსოვს ის ფაქტი, რომ ვარსკვლავურ თავდამსხმელს უთამაშია საქართველოში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ეს მოხდა 2017 წლის 5 ივლისს, U19 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის შეხვედრაში, რომელშიც "ჯვაროსნებმა" შვედეთს 2:1 მოუგეს.
ჩვენი ნაკრების მხრიდან გოლები გაიტანეს გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი კოხრეიძემ, სკანდინავიელებიდან კი სწორედ "მეთოფეების" ფორვარდმა. იმ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავარი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მომავალი ლიდერიც, გიორგი ქოჩორაშვილი.
საინტერესოა, რომ ქართველი ნახევარმცველი ამ ზაფხულს გადავიდა სწორედ იმ გუნდში, სადაც შვედმა თავდამსხმელმა 102 მატჩში 97 გოლი შეაგდო. დიახ, საუბარი ლისაბონის სპორტინგის შესახებ არის.











