ჯანლუიჯი ბუფონი
წავიდა: 2018 წლის მუნდიალზე ვერ მოხვედრის შემდეგ
დაბრუნდა: რამდენიმე მატჩის ჩასატარებლად
ისევ წავიდა: რეკორდის დამყარების შემდეგ
ბუფონი იტალიის ნაკრებიდან 2017 წლის ნოემბერში წავიდა, მას შემდეგ, რაც მისი ეროვნული გუნდი რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ჯიჯი დაბრუნდა 2018 წლის შემოდგომაზე, არგენტინასა და ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩების წინ. "სკუადრა აძურაში" კაპიტნის სამკლაურით მე-80, რეკორდული თამაშის შემდეგ, იტალიელი კარის დარაჯი საბოლოოდ წავიდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
წავიდა: ევრო 2016-ის შემდეგ
დაბრუნდა: 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ისევ წავიდა: ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ
შვედეთისთვის წარუმატებელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი ნაკრებიდან წავიდა. ის ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩზე, საქართველოსთან. ზლატანმა ამ მატჩში ასისტი შეასრულა, ასევე, ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელსაც "ვიკინგების" მაისური ოდესმე მოურგია.
ამის შემდეგ მის კარიერაში გაურკვევლობა იწყება - შვედმა თავდამსხმელმა ტრავმის გამო გამოტოვა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, 2022 წლის მსოფლიოზე კი მისი ეროვნული გუნდი ვერ მოხვდა. მილანის ფორვარდმა ითამაშა ევრო 2024-ის შესარჩევზე ბელგიასთან, შემდეგ კი ის "ლურჯ-ყვითლებში" აღარ გამოჩენილა. ცოტა ხნის შემდეგ, იბრამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ტონი კროოსი
წავიდა: ევრო 2020-ის შემდეგ
დაბრუნდა: ევრო 2024-ის წინ
ისევ წავა: ევრო 2024-ის შემდეგ
გერმანიისთვის წარუმატებელი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კროოსი ნაკრებიდან წავიდა. ბევრს ეგონა, რომ ის ფორმას კარგავდა, თუმცა მის მიერ მადრიდის რეალში დაფიქსირებულმა შედეგებმა საპირისპირო რამ აჩვენა. ევრო 2024-ის დაწყების წინ, ტონის სთხოვეს "ბუნდესნაკრებში" დაბრუნება, ტურნირის დასრულების შემდეგ კი ის ფეხბურთიდან წავა.

ლიონელ მესი
წავიდა: 2016 წლის კოპა ამერიკას შემდეგ
დაბრუნდა: 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ჯერ არ წასულა
მესის კარიერაში საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი წარუმატებლობა ყოფილა. 2016 წლის კოპა ამერიკას ფინალში მარცხის შემდეგ, მან არგენტინის ეროვნული გუნდიდან წასვლაც გადაწყვიტა. ლეო 2018 წლის მუნდიალის შესარჩევზე დაბრუნდა, რის შემდეგაც იყო კიდევ ერთი წარუმატებლობა, ნანატრ ჯილდოს კი ის 2022 წელს დაეუფლა. არგენტინელი შემტევი ჯერ არსად წასულა, რითაც ის ამ რეიტინგის ერთგვარი გამონაკლისია.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე
წავიდა: 1966 წლის მუნდიალის შემდეგ
დაბრუნდა: 1970 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ისევ წავიდა: 1970 წლის მუნდიალის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი ხდებოდა 1958 და 1962 წლებში, მომდევნო დიდ ფორუმზე კი მოქმედი ტრიუმფატორი ნაადრევად გამოვარდა. ამის შემდეგ, პელე წავიდა და "სელესაო" მის გარეშე 2 წლის მანძილზე თამაშობდა. მისი დაბრუნება შედგა 1970 წლის მუნდიალის შესარჩევზე, უშუალოდ ტურნირი კი კვლავ "ყვითლების" მოგებით დასრულდა.

ანდრეა პირლო
წავიდა: 2014 წლის მუნდიალის შემდეგ
დაბრუნდა: ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ისევ წავიდა: ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ
იტალიამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრახი განიცადა, რის შემდეგაც პირლომ ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ის დააბრუნა იმდროინდელმა ახალმა დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ, რომლის ხელმძღვანელობით მან "სკუადრა აძურაში" 4 მატჩი ჩაატარა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უშუალოდ ევრო 2016-ისთვის შერჩეულ შემადგენლობაში იტალიელმა თავკაცმა ვერ გამონახა ანდრეასთვის ადგილი, რის შემდეგაც ის "ლურჯებიდან" საბოლოოდ წავიდა.

მიშელ პლატინი
წავიდა: ევრო 1988-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს
დაბრუნდა: ქუვეითის ემირის თხოვნით
ისევ წავიდა: ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ
პლატინი საფრანგეთის ნაკრებიდან 1987 წლის გაზაფხულზე წავიდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, მან ზოგადად საფეხბურთო კარიერაც დაასრულა. 1988 წლის შემოდგომაზე კი, გამონაკლისის სახით, მიშელმა მონაწილეობა ქუვეითსა და სსრკ-ს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო. ლეგენდარულმა მოთამაშემ "ლურჯებში" ამ ქვეყნის ემირის თხოვნით ითამაშა.

უეინ რუნი
წავიდა: 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს
დაბრუნდა: ერთი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად
ისევ წავიდა: ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ
რუნის გეგმა იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ წასვლა, თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე მოხდა. ინგლისის მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა უეინი არ გამოიძახა 2017 წლის მარტში, იმავე წლის აგვისტოში კი უარი თავად მოთამაშემ თქვა. ის დაბრუნდა 2018 წლის ნოემბერში, ამხანაგური, საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად აშშ-ს წინააღმდეგ.

დავიდ ვილა
წავიდა: 2014 წლის მუნდიალის შემდეგ
დაბრუნდა: 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს
ისევ წავიდა: 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩის შემდეგ
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა საერთაშორისო კარიერა წარუმატებელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. ვილას სრულფასოვანი დაბრუნება უნდა შემდგარიყო 2018 წლის მუნდიალის შესარჩევზე, რომლის დროსაც ის გამოიაძახეს 2 მატჩისთვის, მაგრამ ტრავმირებულმა ფორვარდმა ვერაფერი მოახერხა, შემდეგ ისევ წავიდა.

ზინედინ ზიდანი
წავიდა: ევრო 2004-ის შემდეგ
დაბრუნდა: 2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს
ისევ წავიდა: 2006 წლის მუნდიალის შემდეგ
აღნიშნული სია ზიდანის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ევრო 2004-ზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ის წავიდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების იმდროინდელი თავკაცის, რაიმონდ დომენეკის, თხოვნით დაბრუნდა. რა მოხდა შემდეგ? მუნდიალის ფინალი, მარკო მატერაცისთან მომხდარი ინციდენტი და წითელი ბარათი, ლეგენდარული დაბრუნება.

ჯაბა კანკავა
წავიდა: 2022 წლის იანვარში, ნაკრებში 100 მატჩის ჩატარების შემდეგ
დაბრუნდა: ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფების წინ
ისევ წავიდა: ევრო 2024-ის დაწყებამდე
ბოლოს კი საქართველოს ნაკრების კაპიტნის შესახებ, რომელიც თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფში დასახმარებლად. "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლაში თავისი წვლილი შეიტანა კანკავამაც, მაგრამ უშუალოდ ტურნირზე წასვლა მან არ მოისურვა.

აგრეთვე გამოსარჩევია: ტიმ კეჰილი, როი კინი, ჰენრიკ ლარსონი, კლოდ მაკელელე, როჟე მილა, ტომას მიულერი, ლილიან ტურამი, ედვინ ვან დერ სარი, ჯორჯ ვეა.













