მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა თავდამსხმელმა, მიხეილ აშვეთიამ Championat.com-თან საუბარში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. "რკინიგზელთა" ექს-ფორვარდმა მიმოიხილა საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერა, რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა და ბევრი სხვა.
" ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის? ჩვენ, შესაძლოა გვინდოდეს ამ თამაშის ჩატარება, თუმცა ამის უფლებას პოლიტიკა არ გვაძლევს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკამ სპორტში შეაღწია. ამ მატჩის ორგანიზების შემთხვევაში, ნახევარი საქართველო ფეხბურთელებზე განრისხდება.
პოლიტიკა ყველგან არის. მთელ მსოფლიოში სიგიჟე ხდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და სიმშვიდე დაისადგურებს. არ მინდა, რომ ხალხი პოლიტიკის გამო იღუპებოდეს. მეზობლები ვართ და კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. "
"
წარსულის რომელ ფეხბურთელს შევადარებდი კვარაცხელიას? ბევრი ვარსკვლავი გვყავდა, თუმცა ძველ ვიდეოჩანაწერებს, რომ ვუყურებ, ხვიჩას ყიფიანთან ვაიგივებ. ასე თუ გააგრძელებს, საუკეთესო გახდება. ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში გადასვლით, მან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ლოკომოტივში მყავდა თანაგუნდელი, იზმაილოვი, რომელსაც ნახევარი გუნდის მოტყუება შეეძლო. ასეთი არის ქართველი გარემარბიც. თანამედროვე მოთამაშეები კარგავენ თავის ინდივიდუალურობას, რადგან ფეხბურთი ტაქტიკით არის გადატვირთული. მარატისა და ბუზნიკინის მსგავსი შემსრულებლები აღარ არიან.
საბედნიეროდ, პსჟ-ს გარემარბი და იამალი გამონაკლისები არიან. დიახ, ფეხბურთი შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთი შემსრულებლები, რომლებიც ამ სპორტს ალამაზებენ."
"
საქართველოს ნაკრების წარმატება? გვყავს ძალიან კარგი თაობა - კვარაცხელია, მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი და სხვები. ამ გუნდის აშენება დაიწყო ჯერ კიდევ ვაისმა, რის შემდეგაც სანიოლმა სხვა მენტალიტეტი შემოიტანა. მან დაარწმუნა მოთამაშეები, რომ ესპანეთთან და პორტუგალიასთან მოგება შესაძლებელი არის.
დიახ, რუსეთში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობამ იკლო, რადგან ახლა ევროპაში წასვლა უფრო მარტივია, ვიდრე ადრე. ოჯახები აღარ უშვებენ თავის შვილებს რუსეთში სათამაშოდ. ავიღოთ თუნდაც დინამოს მაგალითი, საიდანაც ყოველ წელს 4-5 მოთამაშე კარგ ევროპულ კლუბში გადადის."











