ოცნებები ფეხბურთში
როცა ბავშვი ხარ, ბევრ დიდ რაღაცაზე ოცნებობ. ჩემი ოცნებები ჯერ არ ამისრულებია, რადგან მიზანი ლევანტესთან ერთად ლა ლიგაში გადასვლაა, იქ, სადაც ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელები - ზიდანი, რონალდინიო, ჩავი, ინიესტა და სხვები თამაშობდნენ. ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რა ხდება გარშემო. ფოკუსირება უნდა მოვახდინო მხოლოდ მოახლოებულ თამაშებზე.
როგორი იყო შენი ბავშვობა?
საკმაოდ ლამაზი და ამავდროულად ტანჯული იყო. საფეხბურთო დონეზე ჩანდა, რომ ბავშვობიდან მქონდა ნიჭი, მაგრამ ფიზიკური კონდიციების გამო მიწუნებდნენ. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ გოლებს კაპიტან ამერიკას სტილში. მიუხედავად იმისა, რომ ის ძლიერი არ იყო, ჰქონდა გამბედაობა და ამით მიაღწია ყველაფერს. თუ მოისურვებ, იშრომებ და საკუთარ თავს ენდობი, მიაღწევ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს.
რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო?
ბევრი რამის შერწყმაა, თუმცა მთავარი არის სიმამაცე. ფეხბურთი მხოლოდ 22 კაცის თამაში არ არის, ეს ცხოვრებაა. ვიღვიძებ იმაზე ფიქრით, როგორ ვივარჯიშო, როგორ გავცე პასი, როგორ მქონდეს კომუნიკაცია თანაგუნდელებთან...ეს ყველაფერი მიყვარს. ჩემთვის მოთამაშის ან ნებისმიერი ადამიანის წარმატება არ ფასდება მიღწევებით ან ტიტულით, არამედ ფასდება იმით, თუ როგორ დგება ყოველი დარტყმისგან, აქვს გამბედაობა და გამძლეობა, რათა არ დანებდეს და კიდევ სცადოს. გამძლეობის სახით, მშლობლებმა დიდი ღირებულება მიბოძეს. ჩემს ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი, რომ გავუძლებ და გავძლიერდები.

ესპანეთში თამაში შენი ოცნება იყო?
დიახ, 2010 წელს, როდესაც ესპანეთის ნაკრები ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა, ჩემს გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიყავი და მუნდიალის ფინალის წინ, პოპკორნი ვიყიდეთ, რათა ესპანეთი ნიდერლანდების მატჩისთვის გვეყურებინა. იმ მომენტებში ვფიქრობდი და იმედი მქონდა, რომ ერთ დღეს ამ ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშებდი. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ესპანეთიდან ინტერესი გამოჩნდა და დაუფიქრებლად წავედი.
საბერძნეთთან პენალტის შემდეგ შეიცვალა შენი ცხოვრება?
ამ ეპიზოდის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 3 თვით ადრე პენალტი მქონდა გაფუჭებული და ფინალში, პენალტების სერიაში ბურთთან მისვლა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, თუმცა როგორც ვთქვი, მამაცი უნდა იყო, არაფერი არ უნდა დათმო და არ დანებდე. პენალტების დარტყმაზე ბევრს ვმუშაობ და ვარჯიშებზე სულ ვურტყამ ხოლმე. ამასთანავე, თერთმეტმეტრიანის შესრულებას მენტალური მდგრადობაც სჭირდება.
...და ევროპის ჩემპიონატმა რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?
პირველი და მთავარი, რაც ამ ტურნირმა მომცა, თავდაჯერებულობაა. ასევე, დაგვანახა, რომ სწორ გზაზე ვართ. ეს შედეგი გამომდინარეობს იქიდან, რომ ცხოვრებაში სწორად აკეთებ ყველაფერს. შეიძლება დღეს ცუდ სიტუაციაში იყო, მაგრამ თუ თვლი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ადრე თუ გვიან, შედეგი მოვა. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველას ოცნებაა და იქამდე მისვლა ადვილი არავისთვის არ არის.
ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო.
დიახ, პირველი იყო და იმედია, არა ბოლო. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ევრო2024-დან გამოვარდნის შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდით და ხალხი ისე დაგვხვდა, თითქოს ჩემპიონები გავხდით. ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ ბოლომდე იბრძოლებ და ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად, უკვე წარმატებაა.

ქართველები როგორი ხალხი ხართ?
საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გვესტუმრებით და ჩვენი მეგობრობა გინდათ, მიგიღებთ ღვინით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. მაგრამ თუ ცუდი განზრახვით მოხვალთ, ხმლით დაგხვდებით. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად. მრავალი ომი გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა რომ ასეთ დიდ წარმატებებს აღწევს, ბევრის მთქმელია. ბოლობოლო, UFC-ში 2 ჩემპიონი გვყავს.
ისინი შენთვის შთაგონების წყარონი არიან?
დიახ. არამარტო ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილიც. გირჩევთ უყუროთ ფილმს, სადაც საუბარი ილიას ცხოვრებაზეა, რადგან იქ ნახავთ რა გამოიარა საქართველომ. ჩვენ ძალიან შრომისმოყვარეები ვართ. თუ რაღაცის გვჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ.
ბედნიერი ხარ ლევანტეში?
თუ ადამიანს სურს იყოს საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებს, ის თავისუფალი უნდა იყოს აზროვნებაში. ბავშვობაში რისი სურვილიც მიჩნდებოდა, ვაკეთებდი ხოლმე. რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება ახლა? ადრე ზეწოლას ვერ ვიტანდი, ახლა კი მსიამოვნებს. იმედია შევძლებ მეტი გოლის გატანას და მეტი საგოლე პასის გაკეთებას, რათა ლევანტეს თამაშების მოგებაში დავეხმარო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი ამბიცია აქვს და ეს ბევრი შრომიდან მოდის. ვცდილობ, ყველა ასპექტში ვიმუშავო. მოდი ასე ვთქვათ, მაგიდას 4 ფეხი უნდა ჰქონდეს: ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და გონებრივი. თუ ეს ოთხი ფეხი ძლიერია, მაგიდა მტკიცე იქნება. ეს ისინია, რაც მინდა მქონდეს. ვაგრძელებ განვითარებას, რათა თავი უფრო ძლიერად და თავდაჯერებულად ვიგრძნო.













