რთულია, იმ ემოციებიდან გამოხვიდე, რაც გუშინ პირველ რიგში, უშუალოდ ფეხბურთელებმა, შემდეგ კი, გულშემატკივრებმა მიიღეს, თუმცა როგორც ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ თქვა, ხვალიდან ისინი სრულიად ესპანეთზე იქნებიან კონცეტრირებულები.
დღეს დილიდან, ნაკრების სასტუმროსთან ბევრი ქართველი თუ უცხოელი გულშემატკივარი იყო შეკრებილი და "საქართველოს" სკანდირებდა. ასეთი კარგი მატჩების შემდეგ, უცხოელი ქომაგების გულიც მოვიგეთ და ისინიც ჩვენ გვერდით არიან.
საქართველოს ნაკრები დღეს აღდგენით ვარჯიშს ატარებს, რომელშიც მონაწილეობას შეცვლაზე შესული ან სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი ფეხბურთელები მიიღებენ.
გუშინდელი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია კი ცოტა ხნით ნაკრების შეკრებას ტოვებს. Lagazzetta.ge-ს ინფრმაციით, ის მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს.
ჩვენი ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაშია ჩამოსული და კვარაცხელიას უნდა შეხვდეს. მიზეზი კვარას მომავლის გადაწყვეტაა.
როგორც ჩანს, დე ლაურენტისმა სწორი დრო და ადგილი შეარჩია, რათა მხარეებმა საბოლოოდ გაიგონ, როგორი იქნება კვარაცხელიას მომავალი. შეხვედრა ნაკრების სასტუმროს შემოგარენში შედგება.
ამ საკითხის დეტალებთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ისე კი, დღევანდელი დღე ნაკრებისთვის ძირითადად, დასვენებისა და ემოციებისგან დაცლისკენ იქნება მიმართული.












