"იუვენტუსთან თამაშის წინ, ძანეტი და კამბიასო მოვიდნენ და გვეუბნებიან, ოღონდ ამათთან მოვიგოთ და თანახმა ვარ, დანარჩენი თამაშები დავთმოთო"
"ტურნირის შემდეგ, წვეულება მოეწყო, ღამე იყო, მე და ნიკა იმ ბარში შევედით, სადაც ტურნირის მონაწილეები იყვნენ. გვაინტერესებდა, როგორ ერთობიან დიდი ფეხბურთელები თავისუფალ დროს. უცებ, უკნიდან ჯორჯო კიელინიმ მხარზე ხელი დამადო და გვეუბნება, აქ რას აკეთებთო. თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება, ფეხბურთელები ხართ და დაისვენეთო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით გვითხრა, გაიცინა და თავისთან გვიხმო"

ასეთი საინტერესო ისტორიები გადახდათ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დაჩი ცალუღელაშვილს და ნიკა ნათიშვილს გერმანიაში ჩატარებულ "Infinity League"-ს ტურნირზე. დაჩი და ნიკა ინტერის აკადემიის ფეხბურთელები არიან და წილად ხვდათ პატივი, რომ ამ გუნდის ლეგენდებთან, ძანეტისთან, კამბიასოსთან, კარაგუნისთან და სხვებთან ერთად ეთამაშათ. ინტერმა ოთხთა ტურნირზე 2 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა.
პარალელურად, ამ გუნდების ქალი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ. სამწუხაროდ, ინტერის ქალმა ფეხბურთელებმა ყველა თამაში დათმეს და ამის გამო, საერთო ჯამში, ძანეტის, კამბიასოს, დაჩის და ნიკას საჩემპიონოდ ქულები არ ეყოთ.
გარდა ტურნირისა ქართველ ტალანტებს ინტერის ლეგენდებთან ერთად მატჩისწინა მომზადებისა და მათთან ერთად სასტუმროში ცხოვრების საშუალება მიეცათ.

დაჩი ცალუღელაშვილი: "ინტერის ლეგენდებთან ერთად თამაში დიდი გამოცდილება და სიამოვნება იყო. მოედნის მიღმა, ისინი ცდილობდნენ ჩვენთან მეგობრულები ყოფილიყვნენ, კომუნიკაციაში შემოდიოდნენ და ბევრ რამეს გვეკითხებოდნენ. ყველაზე ხშირად კამბიასო მესაუბრებოდა და ჩემი საფეხბურთო კარიერით ინტერესდებოდა. ტურნირის დაწყების წინ მითხრა, როცა შანსი მოგეცემა მცველების მოტყუებაზე წადი და კარში ხშირად ურტყიო"
ნიკა ნათიშვილი: "თამაშის წინ, ცოტას ვნერვიულობდით, მაგრამ მოედანზე რომ შევედით, გავთავისუფლდით და დიდი სიამოვნება მივიღეთ. დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში რთული იყო, მაგრამ გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება. ინტერის ლეგენდები მეგობრულად გვექცეოდნენ და სულ ჩვენთან ერთად იყვნენ"
როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელები ზემოთ გვიყვებიან, ამ ტურნირზე კამბიასოს და ძანეტის მთავარი მიზანი და მოტივაცია იუვენტუსის დამარცხება იყო. დაჩიმ და ნიკამ ლეგენდებს ეს სურვილი შეუსრულეს. მეტიც, ნათიშვილმა იუვენტუსს გოლიც გაუტანა.

"გოლი რომ გავიტანე, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა და უბრალოდ გამეხარდა. თამაშის შემდეგ გავიაზრე, სად, ვისთან და რა ვითარებაში შევძელი გოლის გატანა და უბედნიერესი ვიყავი"
ინტერის აკადემიის ტალანტები გვპირდებიან, რომ ეს გერმანული თავგადასავალი მათთვის მოტივაცია იქნება, რათა მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშონ.
"ჩამოვედით, გუნდთან ერთად ვარჯიში განვაახლეთ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ და ორმაგი მოტივაცია გვაქვს, რომ ამ მიღებული გამოცდილებით, კარიერაში პროგრესი არ შევწყვიტოთ და მათსავით დიდი ფეხბურთი ვითამაშოთ", - აღნიშნეს დაჩიმ და ნიკამ ჩვენთან საუბარში.

ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ











