ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საფეხბურთო სამყაროს ეპიცენტრშია. აღნიშნული ფაქტი არ გამორჩენია ნაპოლის, რომელმაც თავის ვინგერს, ხვიჩა კვარაცხელიას, სოციალურ ქსელში გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავთ ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვასა და ევრო 2024-ზე გასვლას", - წერს "პარტენოპეი".
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების შედეგად მოხვდა. "ჯვაროსნების" მოწინააღმდეგე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელიც პენალტების სერიაში დავამარცხეთ.
ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 0:0, პენალტებში კი 4:2 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან.