ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024/25 სეზონი კარგად დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა პირველ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინა უშანსოდ, 5:2 დაამარცხა და გერმანიასთან ერთად ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა. კარგი სტარტის მიუხედავად, ნაკრებში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და ამის შესახებ ნიდერლანდული პრესა უკვე ბევრს საუბრობს.
რამდენიმე საათის წინ გამართულ ვარჯიშზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვუტ ვეგჰორსტი და იურიენ ტიმბერი, რასაც რონალდ კუმანთან შელაპარაკება და ვარჯიშის შეჩერება მოჰყვა. ვარჯიშის მიმდინარეობისას, ტიმბერი და ვეგჰორტი ერთმანეთს უხეშად შეეჯახნენ, 32 წლის ფორვარდმა კი ამ უხეშობაზე უკმაყოფილება გამოხატა. სიტუაციის განმუხტვას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ეცადა, რამაც უფრო დიდი დაპირისპირება გამოიწვია.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, კუმანსა და ვეგჰორსტს შორის შელაპარაკება რამდენიმე წამს გაგრძელდა, რასაც საბოლოო ჯამში ფეხბურთელის ვარჯიშიდან მოკვეთა მოჰყვა. გერმანიასთან მატჩის წინ, ნიდერლანდელთა ბანაკში აშკარა პრობლემებია.