19 წლის ფეხბურთელი აკაკი გიუნაშვილი ამჟამად ფოთის კოლხეთში თამაშობს. კარიერის საწყისი ნაბიჯები გორის დილაში გადადგა, თავადაც გორიდანაა და ანდრეი დემჩენკოს დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიმდინარე სეზონში, ის ეროვნულ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს, გულშემატკივარს თავი მაშინ გააცნო, როცა სათამაშოდ იტალიაში, ფროსინონეში წავიდა...
"როცა დემჩენკომ დილას დიდ გუნდში დამიძახა, გახარებული ვიყავი და არ მოველოდი, რადგან 17 წლის ვიყავი და არ მეგონა, თუ ასეთ ადრეულ ასაკში მათი ყურადღების ქვეშ მოვექცეოდი. პირველი კვირა ემოციებში ვიყავი და გამიჭირდა, შემდეგ კი თანაგუნდელები დამეხმარნენ და ყველაფერი მარტივი გახდა".
- როგორ მოხვდი კოლხეთში და შემდეგ იტალიურ ფროსინონეში?
- ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სათამაშო დრო მთავარია, ამიტომ მამუკა ჯუღელთან კომუნიკაციით, ფოთის კოლხეთში გადავედი, სადაც რამდენიმე მატჩი ჩავატარე და ფროსინონეში წავედი. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და უცებ, გუნდში მეუბნებიან 3 დღეში თამაში გვაქვს, ითამაშებ და იტალიაში მიდიხარო - დავიბენი, გავოცდი და თან ძალიან გამიხარდა.
- რა დახვდა 18 წლის გიუნაშვილს იტალიაში?
- ვარჯიში ფროსინონეს 19-წლამდე გუნდში დავიწყე. ფიზიკური დატვირთვები იყო, მაგრამ არ გამჭირვებია არც ვარჯიშები, არც თამაში, რადგან საქართველოში ეროვნული ლიგის კლუბებში ვიყავი და ეს ჩემთვის უკვე დიდი გამოცდილება იყო. ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არ არიან გუნდს შეზღუდვა ჰქონდა, სულ U19-ში ვიყავი და სათამაშო დროის გამო, წამოსვლა ვარჩიეთ.
- 18 წლის ფეხბურთელის უცხო გარემოში მარტო წასვლა სირთულეებთანაა დაკავშირებული, როგორ იყო შენს შემთხვევაში?
- 18 წლის ასაკში რომ იტალიაში მარტო მიდიხარ, რთულია, მაგრამ 12 წლის ვიყავი, როცა გორიდან თბილისში დინამოს აკადემიაში საცხოვრებლად მარტო წამოვედი და ეს ფაქტი ძალიან დამეხმარა, რომ ფროსინონეში მარტო ყოფნა არ გამჭირვებოდა. თავის მხრივ, იტალიაში გატარებული 6 თვე დამეხმარა, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატში ასე ვთამაშობ. დიდი მადლობა მამუკა ჯუღელს, რომელსაც ჩემი იტალიაში წასვლა უკავშირდება. მინდა მას იმედები გავუმართლო. მეუბნება, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო.
- ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებ და ამის ფონზე, საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურები...
- გუნდში შექმნილმა სიტუაციამ და თანაგუნდელების გვერდში დგომამ მომცა ეს თავდაჯერებულობა.
აკაკი გიუნაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა და ნაკრების მაისურით თამაშის ემოციებზეც გვესაუბრება.
"ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ და შენი ქვეყნის ჰიმნს ისმენ. ჯერ 17-წლამდე ნაკრებში ვიყავი, ახლა 19-წლამდელებში ვარ. კლუბშიც დიდი მუხტით ვთამაშობ და ნაკრებშიც, მაგრამ ნაკრები მაინც სულ სხვა გრძნობაა. საქართველოს ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, 19-წლამდელები ერთად ვუყურებდით და ენით აღუწერელი გრძნობა იყო, ყველას ცრემლები მოგვდიოდა."
- მოგვიყევი სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე
- ამჟამად, ჩემი მიზანი ერთია - სათამაშოდ წავიდე კარგ ევროპულ გუნდში, შემდეგ მოვირგო საქართველოს ნაკრების მაისური და დავეხმარო ჩემს ქვეყანას წარმატებაში. ამისთვის ბევრს ვშრომობ.