უეფას ერთა ლიგის 2024/25 სეზონი გრძელდება — საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ჯგუფის მესამე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშებს. მატჩს პოლონეთი, კერძოდ პოზნანი უმასპინძლებს.
სერგეი რებროვმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც პოზნანში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ ოლექსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკი, რაც უკრაინის ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა ჩვენი მეტოქის სიტუაცია რამდენიმე საათის წინ კიდევ უფრო დამძიმდა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მიმდინარეობისას ტრავმები მიიღეს ტარას სტეპანენკომ და ვიქტორ ციგანკოვმა და დიდი ალბათობით ორივე მათგანი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს. სტეპანენკო უკრაინის ნაკრების კაპიტანია და პირველადი ინფორმაციით, დაზიანების გამო 3-4 კვირას გამოტოვებს. რაც შეეხება ციგანკოვს, მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ 11 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მანაც ვერ მიიღოს.