მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების მატჩებზე პერიოდულად ჩნდებოდა ეზეკილ ლავეცი, ვინც ბევრს ნაადრევად დაბერებული მოეჩვენა. ეჭვები არ ყოფილა უსაფუძვლო, რადგან თავად პარი სენ-ჟერმენის ექს-ვინგერის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ ის დეპრესიას ებრძვის.
"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ვიგრძენი სიცარიელე და ის ვერაფრით შევავსე. დეპრესიას ვებრძვი და კლინიკაშიც ვიყავი გადაყვანილი. ახლა გავდივარ მკურნალობას და წამლებს ვიღებ. ვცდილობ დავუბრუნდე ძველ ცხოვრებას, შვილის დაბადებამ კი ნამდვილად ახალი ძალა მომცა.
საბედნიეროდ, არ ვარ მარტო, ჩემს გვერდით მთელი საფეხბურთო სამყაროა. მუდმივად კონტაქტზე ვარ კანავაროსთან, მესისთან, აგუეროსა და სხვებთან. ლეოსთან მაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა, ის საოცარი ადამიანია", - განაცხადა არგენტინელმა ექს-ვინგერმა.












