ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის იბერიას შორის გამართული დაძაბული შეხვედრის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. როგორც მოგეხსენებათ, სტუმრებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს. აღნიშნული მატჩი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ტრიბუნაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იმყოფებოდა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფრანგი დამრიგებლის ვიზიტის მიზეზი, დიდი ალბათობით, გიორგი არაბიძე იყო. როგორც იცით, ქართველი ვინგერი წარმატებით ახერხებს კარიერის გადარჩენას სტივ კინის გუნდში. მას 65 მატჩში უკვე 22 ბურთი და 12 ასისტი დაუგროვდა.
ტორპედოს გარემარბი საქართველოს ნაკრებში გამოძახების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში, ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, სანიოლის გუნდს ფინალური შეხვედრა ელის საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულთან.