ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ BBC-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა:
- ნანობთ თუ არა რამეს თქვენს განვლილ კარიერაში?
- ზუსტად არ ვიცი... შეიძლება. ახლა ამას ვერ ვიტყვი.
- რას იტყვით საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით, თქვენ დიდ ტურნირზე თამაში არ მოგიწიათ.
- იმ დროს ეროვნულ გუნდს ჰყავდა ძალიან, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები. 1990-იან წლებში ჩვენ ვითამაშეთ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიცაა ინგლისი, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი. ყველა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი იყო.
მაგრამ ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ზე ითამაშა და ეს დაუჯერებელია. მაშინ, როდესაც მათ საბერძნეთი დაამარცხეს, პირველად ვნახე ამდენი ზრდასრული მამაკაცის ტირილი. ოცდაათი წელი ველოდებოდით ამას და წელს, ჩვენმა ბიჭებმა ეს გააკეთეს კიდევაც. მთელი დღე ჭაჭას ვსვამდი აღსანიშნავად!
- გაქვთ რაიმე რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რაც ისწავლეთ თქვენი კარიერიდან?
- ბევრი უნდა იმუშაო. თუ ნიჭი გაქვს, მაგრამ არ შრომობ, ვერ მიაღწევ დიდ წარმატებას, რადგან შრომა ყოველთვის აჯობებს ნიჭს.
- ისურვებდი, რომ კარიერის განმავლობაში უფრო მეტი გეშრომათ და გემუშავათ საკუთარ თავზე?
- ალბათ კი. მაგრამ ეს არის ცხოვრება... როდესაც კარიერას დაასრულებ, ფიქრობ იმაზე, შეგეძლო თუ არა მეტის გაკეთება, მეტი შრომა, მაგრამ უკვე გვიანია. ამიტომ ვეუბნები ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ ბევრი იშრომონ, რადგან ფეხბურთს სულ ვერ ითამაშებ. არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს ტრავმების თვალსაზრისით.
შეიძლება კარგად თამაშობდე, მაგრამ მერე სხვა მწვრთნელი მოვიდეს, რომელიც ტაქტიკას ცვლის და შენ საერთოდ აღარ მოგიწიოს თამაში... ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ მათ ყოველთვის 100% უნდა გასცენ.

- ვინ იყვნენ თქვენთვის გამორჩეული და საყვარელი თანაგუნდელები?
- მე ამ დრომდე ვინარჩუნებ კონტაქტს ნიკი სამერბისთან, მაიკლ ბრაუნთან, პოლ დიკოვთან და კიტ საიმონსთან. ძალიან მეგობრული გუნდი იყო კარგი ფეხბურთელებით, მაგრამ ასევე, კარგი ბიჭებით. ძალიან მენატრება ის დღეები, ყოველთვის მიხარია მათი ნახვა.
- რომელი იყო თქვენი საყვარელი მომენტი სიტიში?
- პირველი თამაში და პირველი გოლის გატანა, რომელიც გადამწყვეტი იყო, ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემი პირველი თამაში ტოტენჰემთან იყო — სტადიონზე საოცარი ატმოსფერო დაგვხვდა. საქართველოდან ჩამოსვლა და მსგავსი საფეხბურთო სამყაროს ხილვა საოცრება იყო.
ჩემი პირველი გოლიც ძალიან კარგად მახსოვს, რომელიც ასტონ ვილასთან, 91-ე წუთზე გავიტანე. საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, ამიტომ ეს განსაკუთრებული იყო ჩემთვისაც.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ საუთჰემპტონის წინააღმდეგ გატანილი თქვენი გოლი? თავიდანვე აპირებდით თუ არა ხუთი მცველის მოტყუებასა და ასეთი გოლის გატანას?
- არა, ასეთი რაღაცეები მოედანზე გადაადგილების დროს მოდის. როდესაც ბურთს ვიღებდი, არასდროს მიფიქრია, რომ ერთ, ორ, სამ მოთამაშეს გავცდებოდი. ეს უბრალოდ ასე მოხდა. მიდლსბროში სტუმრადაც მსგავსი გოლი გავიტანე — იქაც, დაახლოებით, ორი თუ სამი მცველი მოვატყუე და შემდეგ გავიტანე.
- რას ფიქრობთ და რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ხედავთ მანჩესტერ სიტის 1995/96 სეზონის მაისურს?
- ჩემთვის საუკეთესო ფორმაა. როგორ ვთქვა? ერთხელ ლურჯი, ყოველთვის ლურჯი! გულშემატკივრები ყოველთვის განსაკუთრებული იყვნენ და ეს დღემდე გრძელდება. საქართველოში ყველა ფეხბურთელის ოცნება ტოპ ლიგაში თამაშია, ამიტომ მე ნამდვილად გამიმართლა, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.
- ნანობთ, რომ სიტიდან არ წახვედით, როდესაც 1995/96 სეზონში დაქვეითდით?
- არა, არ ვნანობ. ახლა რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, მაინც არაფერს შევცვლიდი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თასების მოპოვება, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მაშინაც კი, როცა დავქვეითდით, ხალხი მაინც მოდიოდა ჩვენი მატჩების სანახავად და გვამხნევებდნენ. მანჩესტერში 30 წლის შემდეგ დავბრუნდი და ხალხი მაინც მცნობს. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია.
- რა გრძნობა გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ჯო როილის თქვენი გაშვება სურდა 1998 წელს?
- ყველა მენეჯერს აქვს თავისი აზრი — მე ამას პატივს ვცემ. თუ მენეჯერი გადაწყვეტს რომ არ უნდა ვითამაშო, ეს მისი არჩევანია.
- რატომ შეუერთდით მანჩესტერ სიტის 1995 წელს?
- ეს ხომ პრემიერ ლიგა იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში. ყველას სურს პრემიერ ლიგაში თამაში. ჩვენ (საქართველოს) ორი თამაში გვქონდა უელსთან (1996 წლის ევროს შესარჩევი მატჩები), სადაც თავი კარგად წარმოვაჩინე და გავიტანე გოლი როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრაში. როცა სიტიმ კონტრაქტი შემომთავაზა, ამაზე არც კი მიფიქრია, არც კი ჩამიხედავს, თუ რა ეწერა კონტრაქტში. მე უბრალოდ ხელი მოვაწერე და სათამაშოდ აქ ჩამოვედი.
- როგორ შეეგუეთ მანჩესტერს?
- 21 წლის ვიყავი, სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და ინგლისური არც კი ვიცოდი. თავიდან რთული იყო, მაგრამ ყველა გვერდში მედგა. აქ არასდროს მიგრძვნია თავი უცხოდ ან უცხოელად. ორი თვის შემდეგ ყველაფერი გამიადვილდა, თავს თითქოს საქართველოში ვგრძნობდი. ჩემთვის აქ გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებული იყო. პირველი დღიდან დღემდე, თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგაც კი, მანჩესტერში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ — ეს ჩემი მეორე სახლია. მიყვარს აქ დაბრუნება... მიყვარს როცა ძველ მეგობრებს ვნახულობ. სასიამოვნოა, როცა სიტის გულშემატკივრები მცნობენ.
- როგორი იყო მეინ როუდზე თამაში?
- საოცარი, საოცარი! მეინ როუდი ეტიჰად სთედიუმზე უკეთესი იყო — უკეთესი ატმოსფერო ჰქონდა.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- პეპ გუარდიოლა გუნდის სათავეში თითქმის ცხრა წელია რაც არის. მათ ექვსჯერ მოიგეს ჩემპიონატი და ამას ჩემპიონთა ლიგაც დაამატეს. ფანები მიდიან სტადიონზე და იციან, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ.
ჩემს დროს, როცა ვთამაშობდით, არ ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა, ამიტომ გამარჯვებები უფრო განსაკუთრებული იყო.
- როგორი იყო გულშემატკივრებისთვის სიხარულის მიცემა გუნდისთვის რთულ პერიოდში?
- ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო — თითოეული ეს მოგონება სასიამოვნო გასახსენებელია. სიტი ახლა რიგირც თამაშობს ფეხბურთს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გუნდის თამაშით სიამოვნებას იღებენ. მე ისევ სიტის ფანი ვარ და ეს ყოველივე მახარებს.