მანჩესტერ სიტის ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ პრემიერ ლიგის ისტორიაში სამი საუკეთესო შუახაზელი დაასახელა. ვეტერანი აფრიკელი ფეხბურთელი ესტუმრა რიო ფერდინანდის პოდკასტს, სადაც მან ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის ინგლისის ჩემპიონატის შუახაზელებზეც.
"პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი? ჩემი სამეული ასეთია - ჯერარდი, ლამპარდი, ვიეირა, ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. მათ ბრწყინვალე კარიერა ჰქონდათ. ასევე მინდა გამოვარჩიო სქოულზიც, რომელიც უმაღლეს დონეს ყოველთვის ინარჩუნებდა. ის იყო 34 თუ 35 წლის, როდესაც მას ვეთამაშე და მინდა ვთქვა, რომ გაოგნებული დავრჩი.
დავასახელებ სწორედ ამ ოთხეულს - პოლი, სტივენი, ფრენკი და პატრიკი", - განაცხადა ყოფილმა ივუარელმა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი შუახაზელი ინგლისის ჩემპიონატში თამაშობდა 2010-2018 წლებში და ამ დროის მანძილზე "ქალაქელთა" ნახევარმცველმა ტიტული 3-ჯერ მოიგო.