მოახლოებული
ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, დეტალურად განვიხილოთ საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფი დაკომპლექტებულია "ჯვაროსნებით", თურქეთით, ჩეხეთითა და პორტუგალიით. დღეს, მიმოვიხილავთ სწორედ ამ უკანასკნელს. აქვე დავამატებთ, ჩვენი ეროვნული გუნდი "პირენეელებს" 26 ივნისს დაუპირისპირდება.
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე
პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული აქვს ცხრაჯერ. დებიუტი შედგა 1984 წელს და იმის შემდეგ, ეს გუნდი კონტინენტის პირველობის ხშირი სტუმარია. დროის გასვლასთან ერთად, "პირენეელები" ევროპის ჩემპიონატებს ერთ-ერთი ფავორიტის რანგშიც სტუმრობდნენ. როგორც გვახსოვს, საშინაო ევრო 2004-ზე "ლუზიტანები" ფინალამდე მივიდნენ, სადაც საბერძნეთთან წააგეს.
ევროპის ჩემპიონატზე "ევროპელი ბრაზილიელების" ტრიუმფი კი 2016 წლის შედგა. მათ ფინალში დაამარცხეს ფავორიტი საფრანგეთი, პლეიოფში გზად კი უელსი, პოლონეთი და ხორვატია. ეს არის პორტუგალიის პირველი და ჯერჯერობით, ბოლო ჩემპიონობა კონტინენტის პირველობაზე. ვნახოთ, რა იქნება ევრო 2024-ზე.
ურთიერთშეხვედრების ისტორია საქართველოს ნაკრებთან
2008 წელს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა პორტუგალიასა და საქართველოს შორის (2:0). ეს თამაში პირველი და ჯერჯერობით, უკანასკნელია ამ ნაკრებების ურთიერთმატჩების ისტორიაში. "პირენეელებმა" ჟოაო მოუტინიოსა და სიმაო საბროსას გოლებით მოიგეს შეხვედრა. "ჯვაროსნების" იმდროინდელი შემადგენლობიდან დღეს გუნდში აღარავინაა დარჩენილი, "ლუზიტანებიდან" კი ვინ, თუ არა კრიშტიანუ რონალდუ.
ამჟამინდელი მდგომარეობა
პორტუგალია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩადის. ამ ნაკრების შემადგენლობა გადატვირთულია ვარსკვლავური ფეხბურთელებით, რომლებიც ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობენ. ყველაზე ძვირადღირებულები: რაფა ლეაო (90 მილიონი), რუბენ დიაში (80 მილიონი), ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში (ორივე 70 მილიონი).
ცალკე გამოსარჩევია რონალდუ, რომელიც თავის კარიერაში მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. რაც შეეხება მწვრთნელს - რობერტო მარტინესი, რომლის ხელმძღვანელობით "პირენეელებმა" 8 მატჩიდან 8 მოიგეს. ესპანელი დამრიგებლი ამ პოსტზე 2023 წლის იანვრიდან მუშაობს და როგორც ვხედავთ, ამ დროისთვის მას 100-%იანი შედეგი აქვს.
განვლილი გზა ევრო 2024-მდე
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იყო: 10-დან 10 მოგება და 30 ქულა. "პირენეელების" მეტოქეები იყვნენ სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, ისლანდია, ბოსნია და ლიხტენშტეინი. "ლუზიტანებმა" გაიტანეს 36 ბურთი და გაუშვეს სულ რაღაც 2.
შანსები ევრო 2024-ზე
როგორც აღვნიშნეთ, ტურნირზე პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ამაზე მეტყველებს ყველაფერი - შემადგენლობა, ბოლოდროინდელი შედეგები და ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებაც. რა შეიძლება იყოს "პირენეელების" ნაკლი? ის, რომ მარტინესმა შეიძლება ვერ შეძლოს ამდენი ვარსკვლავის შეთამაშება. მართალია "ლუზიტანებმა" შესარჩევი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს, მაგრამ დიდ ფორუმზე მონაწილეობა სულ სხვა რამ არის.