ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე
ევროპის ჩემპიონატების საკმაოდ ხშირი სტუმარი, რომელმაც მონაწილეობა საერთო ჯამში 10 კონტინენტურ პირველობაზე მიიღო. დებიუტი შედგა 1960 წელს, 1976-ში კი ამ ნაკრებმა ჩემპიონობაც იზეიმა. საუბარია ტურნირზე, რომელზეც ანტონიო პანენკამ თავისი საკულტო დარტყმა შეასრულა. არის ერთი დეტალი: ქვეყანას იმ დროს ჩეხოსლოვაკეთი ერქვა. სლოვაკეთთან განცალკევების შემდეგ კი ჩეხეთის საუკეთესო შედეგი ევრო 1996-ის ვიცეჩემპიონობა არის.
ცნობისთვის, ბოჰემიელების დებიუტი (სლოვაკეთთან განცალკევებით) ასევე 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა. ფინალში მოწინააღმდეგე გერმანია იყო, რომელსაც 73-ე წუთამდე უგებდნენ კიდეც, მაგრამ ოლივერ ბირჰოფის დუბლმა მათი საჩემპიონო შანსები დაასამარა. "წითლებში" იმ დროს ბრწყინავდნენ კარელ პობორსკი, პაველ კუკა, რადოსლავ ლატალი და ახალგაზრდა პაველ ნედვედი.

ურთიერთშეხვედრების ისტორია საქართველოს ნაკრებთან
მთავარი ასაკობრივი ნაკრებები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. რაც შეეხებათ ახალგაზრდულებს, 2017 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ჩეხეთთან 0:2 წააგო. ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან იმ ტურნირზე თამაშობდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი, სათადარიგო სკამზე კი ლუკა გუგეშაშვილი იჯდა.

ამჟამინდელი მდგომარეობა
მართალია, 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ჩეხეთი ბევრად მეტი ვარსკვლავით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ძლიერი ფეხბურთელების დეფიციტს ეს ნაკრები არც ახლა განიცდის. პირველ რიგში, გამოსარჩევია ლევერკუზენის ფორვარდი, პატრიკ შიკი. ასევე ეროვნული გუნდის კაპიტანი და ვესტ ჰემის ჩამშლელი, ტომას სოუჩეკი.
ახალგაზრდებს თუ გამოვყოფთ - ბაიერის კიდევ ერთი ფორვარდი, ადამ ჰლოზეკი და სლავიას გარემარბი, მატეი იურაშეკი. ბოჰემიელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე არის ზემოთ ხსენებული კაპიტანი სოუჩეკი (35 მილიონი ევრო), ასევე შიკი (22 მილიონი ევრო) და ჰლოზეკიც (12 მილიონი ევრო).
უნდა აღვნიშნოთ მთავარი მწვრთნელი, ივან ჰაშეკი, რომელიც ნაკრებში მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით "წითლებმა" მოასწრეს ორი მატჩის ჩატარება და ორივეს მოგება. რაც შეეხება მის წინამორბედს, "ლოკომოტივას" 5 წლის მანძილზე (2018-2023) თავკაცობდა იაროსლავ სილჰავი. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ჩეხეთი სილჰავის გუნდი უფროა, ვიდრე ჰაშეკის.

განვლილი გზა ევრო 2024-მდე
ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან მოხვდა, მეორე ადგილით. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგემ ალბანეთთან ერთად დააგროვა 15 ქულა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ევრო 96-ის ვიცეჩემპიონებს აჯობა ურთიერთმატჩებითა (3:0, 1:1) და ბურთების შეფარდებითაც.












