ჩეხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდი ფიფას ლაივ რეიტინგში დაწინაურდა. ამ გამარჯვებამ მოგვიმატა 9.09 ქულა, რითაც 70-ე პოზიციიდან 68-მდე დავწინაურდით. "ჯვაროსნებმა" ჩამოიტოვეს ისეთი ეროვნული გუნდები, როგორებიც არიან განა და იორდანია.
ჩვენი ნაკრების შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ალბანეთი, შეხვედრა გაიმართება 10 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე. აღნიშნული გუნდი რეიტინგში არის 66-ე პოზიციაზე, ლაივ რეიტინგში კი 64-ე. "არწივებთან" მოგების შემთხვევაში, "თეთრ-წითლები" შესაძლოა დაწინაურდნენ 67-ე ადგილამდე, სადაც ახლა კაბო ვერდეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი არის 42-ე ადგილი, რომელზეც ეს გუნდი 1998 წლის სექტემბერში იყო. ფიფას რეიტინგის საბოლოო განახლება სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ მოხდება.