ლა ლიგის მე-18 ტურში, ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საოცრად დაძაბული შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. ჩოლო სიმეონეს ბიჭებმა 3 ქულის მოპოვება ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს, რითაც სატურნირო ცხრილში კატალონიურ გუნდს გადაასწრეს. ლა ლიგას ახლა მადრიდული კლუბი 41 ქულით ლიდერობს!

მატჩის დასრულების შემდეგ, ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებში საინტერესო ფოტოები გაავრცელეს. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, მადრიდელებმა გუნდის ყოფილი ფეხბურთელისგან, ლუის სუარესისგან საჩუქრები მიიღეს, კერძოდ ურუგვაელი ფეხბურთელის რესტორნიდან კერძები.
ეს ფაქტი სხვა შემთხვევაში გასაკვირი და აღსანიშნავი საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ ამ შემთვევაში უცნაურია, რომ ბარსელონას ლეგენდა, ატლეტიკო მადრიდის მოთამაშეებს ასაჩუქრებს მას შემდეგ, რაც კატალონიური გუნდი დაამარცხეს. ლუის სუარესმა ბარსელონაში არც მეტი, არც ნაკლები 283 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 195 გოლი და 113 საგოლე გადაცემაც შეასრულა, როცა ურუგვაელმა ატლეტიკოში სულ რაღაც 83 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ეს ფაქტი ბარსელონას გულშემატკივრებს ძალიან არ მოეწონათ და ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ ქსელებში სუარესის მიმართ საკმაოდ შეურაცხყმყოფელ კომენტარებსა და პოსტებს წერენ.