კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა ევროპის ჩემპიონატებზე დამყარებული რამდენიმე რეკორდი და მოახლოებულ ტურნირზე ის მათ გაუმჯობესებას ეცდება. პირველ რიგში, გამოსარჩევია ის, თუ რამდენ ტურნირზე აქვს ნათამაშები პორტუგალიელ ფორვარდს. ევრო 2024 იქნება ლეგენდარული შემტევის რიგით მე-6 კონტინენტის პირველობა.
იმ შემთხვევაში, თუ ალ-ნასრის კაპიტანი ვერ ითამაშებს, ის მაინც რეკორდსმენად დარჩება, რადგან ხუთ ევროპის ჩემპიონატზე არავის აქვს ნათამაშები. ევროების იგივე რაოდენობა არის იკერ კასილასის ანგარიშზეც, მაგრამ 2 ტურნირი მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელ კარის დარაჯს კარიერა აქვს დასრულებული, ლეგენდარული მე-7 ნომრის მიღწევა ხელუხლებელი დარჩება.
მოქმედი ფეხბურთელებიდან 39 წლის თავდამსხმელთან ახლოს არიან ლუკა მოდრიჩი და კეპლერ პეპე, რომელთა ანგარიშზე ოთხი ევროპის ჩემპიონატია. რაც შეეხება ევროებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობას, რონალდუმ ითამაშა 25-ჯერ, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. მისი უახლოესი მდევარი არის ისევ პეპე, რომელმაც 19 თამაში ჩაატარა.
ბოლოს კი პორტუგალიელი თავდამსხმელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - გოლების რაოდენობა. 14 გატანილი ბურთით ის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. შემდეგ მოდიან მიშელ პლატინი (9 ბურთი) და ალან შირერი - ანტუან გრიზმანი, ორივე მათგანს 7 ბურთი აქვს გატანილი.