ლეგენდარულ რობერტო ბაჯოსა და მის ოჯახს უსიამოვნო ინციდენტი გადახდათ, ხუთშაბათს საღამოს, ესპანეთი - იტალიის ნაკრებების შეხვედრის ყურების დროს. "სკუადრა აძურას" ყოფილი შემტევის ვილაში შეიჭრა ხუთი შეიარაღებული პიროვნება, რომლებიც სახლში 40 წუთის მანძილზე იმყოფებოდნენ.
მძარცვლებმა ყოფილ ფეხბურთელს ფიზიკური ზიანი მიაყენეს, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახის წევრები ოთახში გამოკეტეს. სახლიდან წაიღეს ძვირფასეულობა, მათ შორის ბაჯოს კოლექციური საათები. მძარცველების წასვლის შემდეგ, რობერტომ დაურეკა პოლიციელებს, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.
აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ყოფილ ფეხბურთელს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.