ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში პირველი საერთაშორისო ტიტული 2008 წელს მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ამ ტურნირზე ბარსელონას ფეხბურთლი საერთოდ არც ყოფილიყო. მიზეზი: ჟოან ლაპორტა თავისი კლუბის ახალგაზრდა მოთამაშის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ესპანელმა ფუნქციონერმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოშიც კი უჩივლა და ეს საქმე მოიგო კიდეც. რა იმალებოდა ამ ყველაფრის მიღმა? - საქმე ისაა, რომ კატალონიელებს პრიმერა დივიზიონში სეზონი მე-3 პოზიციაზე ჰქონდათ დამთავრებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზაფხულში მათ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ელოდათ.
"ბლაუგრანას" მოწინააღმდეგე იყო კრაკოვის ვისლა და კლუბის პრეზიდენტს სურდა, რომ გუნდის შემადგენლობა ოპტიმალური ყოფილიყო. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლაპორტას გადარწმუნება შეძლო პეპ გვარდიოლამ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" იმდროინდელმა სპეციალისტმა, რომელმაც არგენტინელი ფეხბურთელი ოლიმპიადაზე მაინც გაუშვა.
ესპანელმა მწვრთნელმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ კამპ ნოუს ბინადრები პოლონელებს "უცხოპლანეტელის" გარეშეც დაამარცხებდნენ. ამის შედეგად, ახალგაზრდა მესი ოლიპიადაზე გაემგზავრა, სადაც მოიპოვა ოქროს მედალი, გვარდიოლას გუნდმა კი ვისლას მართლაც უმარტივესად მოუგო.