ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის მატჩები დასრულდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმაც იასპარეზეს, თან ისე, რომ არცერთმა არ წააგო.
ჟორჟ მიქაუტაძის ლიონი სტუმრად ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ 2:2 ითამაშა. ლიონის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა.
აპოელმა სენსაცია დააფიქსირა და ფიორენტინა 2:1 დაამარცხა. კვიპროსელთა ქართველი მცველი ლაშა დვალი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და გუნდს თავის დაცვაში დაეხმარა.
კოპენჰაგენმა თურქულ ბაშაკშეჰირთან ფრედ 2:2 ითამაშა. კოპენჰაგენის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე მეორე ნახევარში შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი კოპენჰაგენმა გოჩოლეიშვილის შემოსვლის შემდეგ გაიტანა.
ლატვიურმა რიგასმა ევროტურნირებზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ანდერლეხტთან შინ 1:1 ითამაშა. რიგასის ქართველი შემტევი ლაშა ოდიშარია ძირითად შემადგენლობაში იყო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. თავის გუნდში მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. რიგასის მეორე ქართველი ლუკა სილაგაძე მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.