დღეს, 6 მარტს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში, მანჩესტერ სიტი კოპენჰაგენს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "ქალაქელთა" მოგებით, 3:1 დასრულდა. დანიელების კარი კევინ დე ბრუინმა, ბერნარდო სილვამ და ფილ ფოდენმა აიღეს.
"ლურჯები" ამ წყვილში ისედაც ფავორიტები იყვნენ, გასვლით შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მათი სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდა. პეპ გვარდიოლას თავისი გუნდის ლიდერების დასვენების ფუფუნებაც კი ექნება, რადგან ამ დუელში ყველაფერი პრაქტიკულად გარკვეულია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს კატალონიელი.
ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "პირველ შეხვედრაში სერიოზული უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია. მოდუნების უფლება არ გვაქვს, ეს ყველაფერი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მშვიდად, აუღელვებლად და გეგმის მიხედვით".
იაკობ ნესტრუპი (კოპენჰაგენის მწვრთნელი): "ვეთამაშეთ მოქმედ ჩემპიონსა და წლევანდელი გათამაშების მთავარ ფავორიტს. მან. სიტი ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულს დამსახურებულად ატარებს. ცხადია, ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას, მაგრამ ვაღიარებ, რომ კოპენჰაგენის შანსები მართლაც მინიმალურია".
მან სიტის ბოლო 5 მატჩი: მან. სიტი-მან იუნაიტედი 3:1, ლუთონი-მან. სიტი 2:6, ბორნმუთი-მან. სიტი 0:1, მან. სიტი-ბრენტფორდი 1:0, მან. სიტი-ჩელსი 1:1;
კოპენჰაგენის ბოლო 5 მატჩი: მიდტიულანდი-კოპენჰაგენი 2:0, კოპენჰაგენი-ნორშელანდი 2:0, სილკებორგი-კოპენჰაგენი 0:3, კოპენჰაგენი-მან. სიტი 1:3, კოპენჰაგენი-მიოლდე 3:1;
სავარაუდო შემადგენლობები:
მან სიტი: ედერსონი, დიაში, გვარდიოლი, უოკერი, აკანჯი, როდრი, დე ბრუინი, ფოდენი, დოკუ, ალვარესი, ჰოლანდი.
დანაკლისი: არავინ.
კოპენჰაგენი: გრაბარა, ვავრო, მაკენა, დიქსი, იელერტი, მატსონი, ჰოილუნდი, კლემი, ელიუნუსი, აშური, ლარსონი.
დანაკლისი: ხოჭოლავა, კლაესონი, ლერაგერი, სანდერი.