ნიუკასლში ალექსანდერ ისაკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს — ედი ჰაუს გუნდს შვედი გოლეადორის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ £150 მილიონს გადაიხდის, ფეხბურთელი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს. იმის მიუხედავად, რომ "კაჭკაჭები" ისაკის შენარჩუნებაზე მუშაობენ და მალე მას ახალ კონტრაქტსაც კი შესთავაზებენ, სოლიდური თანხის სანაცვლოდ ფორვარდს დიდი ალბათობით მაინც შეელევიან.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის საგზურსა და თავად ფეხბურთელის სურვილზე. თუ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, კლუბს ისაკის შენარჩუნების უფრო მეტი შანსი ექნება. რაც შეეხება თავად შვედის გეგმებს, ამ მომენტისთვის უცნობია რა სურს თავად ფეხბურთელს - კარიერის ისევ სენტ ჯეიმს პარკზე გაგრძელება თუ უფრო დიდ კლუბში გადასვლა. ალექსანდერ ისაკის მიმართ ინტერესს ლივერპული, ჩელსი, არსენალი და ბარსელონა უკვე იჩენენ, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშკირებით მეტი არაფერია ცნობილი.
შვედი ფორვარდი ნიუკასლის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროში ფეხბურთელმა 99 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 57 გოლი და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, შვედი ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.