ნეიმარ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებში ბრუნდება. პირველად 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ვარსკვლავურ თავდამსხმელს ყვითელ მაისურში ისევ ვიხილავთ. განვიხილოთ, თუ რა გზა გამოიარა ბრაზილიელმა ფორვარდმა "სელესაოში" დაბრუნებამდე.
დიდი ფეხბურთისგან შორს
2023 წელს დაიწყო ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავების მასიური გადინება საუდის არაბეთში და ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო გარიგება უკავშირდება ნეიმარს, რომელიც პარის სენ-ჟერმენიდან ალ-ჰილალში €90 მილიონად გადავიდა. რაც შეეხება ხელფასს, ახალ კლუბში ის წელიწადში €150 მილიონს იღებდა.
ბრაზილიელი თავდამსხმელის ახალი თავგადასავალი დასრულდა კრახით - ტრავმები, ჭარბწონიანობა და დემოტივაცია. მან ჩაატარა სულ რაღაც შვიდი მატჩი, რომელშიც ერთი ბურთი გაიტანა. რიადულმა კლუბმა დახარჯა €390 მილიონი (ორწლიანი ხელფასი + სატრანსფერო ღირებულება) ჟუნიორის სულ რაღაც 428 წუთში.
სახლში დაბრუნება
ნეიმარსა და ალ-ჰილალს შორის ყველაფერი დასრულდა მიმდინარე წლის იანვარში, კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ვარსკვლავური თავდამსხმელი მისთვის მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა. ბრაზილიელი ფორვარდის მიზანია ფორმაში ჩადგომა და 2026 წლის მუნდიალზე თამაში, ნაცნობ გარემოში დაბრუნება მან სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყვიტა.
ჟუნიორმა "ალვინეგროში" უკვე მოასწრო შვიდი შეხვედრის ჩატარება და სამი გოლის გატანა. ცნობისთვის, ერთ-ერთი ბურთი მან პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო. "თევზების" კაპიტანი არ აპირებს გაჩერებას და ძალიან მალე მას ბრაზილიის ეროვნულ გუნდშიც ვიხილავთ. მისი ნაკრების მეტოქეები არგენტინა და კოლუმბია იქნებიან.
სამომავლო გეგმები
როგორც აღვნიშნეთ, ნეიმარის მიზანი არის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ამისთვის პირველ ნაბიჯებს ის მარტში გადადგამს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი ფორვარდი დაუპირისპირდება თავის ძველ მეგობარს, ლეო მესის, რომელიც აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟუნიორი შესაძლოა კაპიტნის სამკლაურითაც კი ვიხილოთ. მის შესახებ ბარსელონაში პოტენციურ დაბრუნებაზეც კი იწერება. რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ახლავე შეგვიძლია იმის თქმა, რომ სანტოსის კაპიტნის კატალონიაში ქამბექი კლუბს არნახულ კომერციულ მოგებას მოუტანს.
