ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს — გუნდმა ქართველი ფეხბურთელის შემცვლელი უკვე შეარჩია, რომლის თაობაზეც პირველი შეთავაზებაც გაკეთდა. "პარტენოპეი"
ალეხანდრო გარნაჩოს სანაცვლოდ €50 მილიონს იხდის (ბონუსების ჩათვლით), რაზეც მანჩესტერ იუნაიტედის პასუხი ასეთი იყო -
"ჩვენ მეტი გვსურს". ოლდ ტრაფორდის ბინადრები ახალგაზრდა არგენტინელს დაახლოებით €60-65 მილიონად აფასებენ.
ანტონიო კონტე და ჯოვანი მანა ყველაფერს აკეთებენ ტრანსფერის დასახურად, თუმცა ამისთვის საჭიროა ნაპოლიმ შეთავაზება გაზარდოს. საქმეშია ჩელსიც — ლონდონური კლუბის წარმომადგენლები 20 წლის არგენტინელის აგენტს რამდენიმე დღის წინ უკვე შეხვდნენ, სადაც პოტენციურ ტრანსფერზე შედგა საუბარი. ენცო მარესკას გუნდი მიხაილო მუდრიკის შემცვლელს ეძებს.
მანჩესტერ იუნაიტედს გაყიდვები სჭირდება, შესაბამისად ალეხანდრო გარნაჩოს იანვარში გაშვება სერიოზულად განიხილება. უახლოეს დღეებში არგენტინელი ვინგერის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.