კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების დატოვების შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"როგორც დაგპირდით, გადავწყვიტე, პირადად და პირდაპირ მოგიყვეთ, რა მოხდა ეროვნული ნაკრების ბოლო შეკრებაზე. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელ ხალხს წერილი მოვუმზადე, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მასში ის სიტყვებია, რომლებსაც მაშინ მივმართავ მათ, როდესაც საბოლოოდ დავტოვებ ეროვნულ გუნდს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას, ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა და დაჟინებით მირჩია, გადაწყვეტილება გადამეხედა, რადგან ფედერაციას სურდა, რომ ეროვნულ ნაკრებში დარჩენილიყავი.
ამის შემდეგ მან მთხოვა ჩემი აზრი ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე, რომელსაც სხვა, ჩემთვის უცნობ სახელებთან ერთად განიხილავდა. ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ეს სწორი არჩევანი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს, გულწრფელად გამიხარდა. ვფიქრობდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რასაც შედეგებიც ადასტურებს. რამდენიმე დღის შემდეგ ახალმა მწვრთნელმა დამიკავშირდა და პირადად შეხვედრა მთხოვა. შევხვდით Cidade do Futebol-ში, სადაც ჩემი კლუბი წინასასეზონო შეკრებას გადიოდა.
მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა და მისი პროექტისთვის ჩემი ყოფნა უმნიშვნელოვანესი იყო. მან კონკრეტული გეგმაც გამაცნო — მითხრა, რომ პირველ და ბოლო მატჩში ვითამაშებდი, ხოლო ფიზიკური მდგომარეობის გასაკონტროლებლად თითოეულ შეხვედრაში სამ-ოთხ ცვლილებას განახორციელებდა. ამ საუბრის დროს მან ისიც შემომთავაზა, რომ ნორვეგიასა და დანიაში ნაკრებთან ერთად არ წავსულიყავი. მისი გეგმით, პირველ მატჩს ვითამაშებდი, შემდეგ კი პორტუგალიაში დავრჩებოდი და გუნდს დრაგაუზე გამართულ შეხვედრამდე შევუერთდებოდი. ამაზე მაშინვე უარი ვთქვი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ თანაგუნდელებთან ერთად არ წავსულიყავი და მხოლოდ იმიტომ დავრჩენილიყავი პორტუგალიაში, რომ მატჩებში მონაწილეობას არ მივიღებდი. ეს კარგი მაგალითი არ იქნებოდა, მით უმეტეს, როდესაც გუნდის კაპიტანი ვარ.
მწვრთნელი საბოლოოდ დამეთანხმა.
ამ საუბარს ესწრებოდა სიმაო კოუტინიო, ალ ნასრის სპორტული დირექტორი, ადამიანი, რომელსაც გასულ სეზონში მწვრთნელი ანგარიშს აბარებდა და რომელიც 2025 წელს მის კლუბში მოყვანაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. შეკრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე მწვრთნელი ჩემი თხოვნით არა, საკუთარი ინიციატივით მოვიდა ჩემს სახლში ლისაბონში. საუბარი მშვიდად წარიმართა და აგვისტოში შეთანხმებული ყველა პრინციპი ძალაში დარჩა. ალვალადეზე გამართულ მატჩში ვითამაშე. როდესაც შემცვალა, პრობლემა არ შემიქმნია და თავად გადავეცი კაპიტნის სამკლაური ბრუნო ფერნანდეშს. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ნაბიჯები ყოფილიყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და კაპიტნის რანგში.
ჩემთვის მთავარი იმ დღეს გამარჯვება იყო. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტუგალიისა და საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. ნორვეგიასთან მატჩის დღეს, სადილის დროს, მწვრთნელის თანაშემწე ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მწვრთნელს ჩემთან საუბარი სურდა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მწვრთნელმა მკითხა, მზად ვიყავი თუ არა 30 წუთის სათამაშოდ. იმ მომენტში სრულად ფიზიკურ აღდგენაზე ვიყავი კონცენტრირებული და ვფიქრობდი, რომ იმ შეხვედრაში არ ვითამაშებდი.
ეს მოთხოვნა ჩემი აღდგენისა და საწვრთნელი გეგმის ნაწილი არ იყო, რადგან გეგმის მიხედვით მხოლოდ დრაგაუზე, 4 რიცხვში უნდა მეთამაშა, თუმცა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მწვრთნელმა მითხრა, რომ მზად ვყოფილიყავი, რადგან 30 წუთს ვითამაშებდი. დანარჩენი ყველამ იცის. მეორე ტაიმიდან გავხურდი, წუთები გადიოდა, მაგრამ მოედანზე არ შემიყვანეს.
მწვრთნელმა სიტყვა გამიტეხა.
მატჩის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის მინდოდა, რომ ყველაფერი გამარჯვებით დასრულებულიყო და მარტო დავრჩენილიყავი. გულშემატკივრების მისასალმებლად არ მივსულვარ. ეს მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ბოდიშს ვუხდი პორტუგალიელებს, რომლებიც იქ ძალიან ძლიერად გვგულშემატკივრობდნენ, ასევე ყველა გულშემატკივარს და მათ, ვინც შესაძლოა მხოლოდ ჩემი სანახავად ჩამოვიდა. 48 საათის შემდეგ მე, მწვრთნელი და სიმაო კოუტინიო შევხვდით. საუბარი ძალიან გულწრფელი იყო და ყოველგვარი ფილტრის გარეშე წარიმართა.
შევთანხმდით, რომ ამ საკითხის დასრულების ერთადერთი გზა იყო, მწვრთნელს საჯაროდ ეთქვა ზუსტად ის, რაც პირად საუბარში მითხრა — რომ მე არასდროს მომითხოვია კონკრეტული წუთების თამაში; ეს გეგმა თავად შემომთავაზა; და შეცდომა იყო ჩემი გახურება და შემდეგ მოედანზე არ შეყვანა. შეხვედრა მწვრთნელმა ჩემთან ჩახუტებით დაასრულა და დამპირდა, რომ პრესკონფერენციაზე სიმართლეს იტყოდა და საკითხი ამით დასრულდებოდა.
თუმცა პრესკონფერენციაზე მისი პოზიცია სრულიად განსხვავებული იყო.
მისი ტონი და დამოკიდებულება საერთოდ არ ჰგავდა ჩვენს წინა საუბარს. მოვისმინე ისეთი გამონათქვამები და აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც, ჩემი აზრით, არ დამიმსახურებია. მწვრთნელმა უნდა ეთქვა, რომ მე მის გადაწყვეტილებებს არასდროს შევწინააღმდეგებივარ, რომ პროფესიონალურად ვიქცეოდი და რომ ნორვეგიასთან მატჩი თავდაპირველი გეგმის ნაწილი საერთოდ არ ყოფილა. მან ასევე უნდა ეთქვა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩემი რანგის ფეხბურთელი გასახურებლად გაიყვანა და შემდეგ მოედანზე არ შეიყვანა.
მისივე სიტყვებით, თუ დღევანდელი მოცემულობა თავიდან განმეორდებოდა, იგივე გადაწყვეტილებას აღარ მიიღებდა. არავის უთქვამს, რომ მწვრთნელს ჩემთვის ბოდიში უნდა მოეხადა.
ეს უკვე მეორედ იყო, როდესაც მან სიტყვა გამიტეხა.
ამიტომ გადავწყვიტე, შეკრება დამეტოვებინა და მორიგი დაპირების დარღვევას აღარ დავლოდებოდი. ჩემთვის ადამიანებს შორის ურთიერთობაში სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენადაც არ უნდა მტკიოდეს, მირჩევნია, სიმართლე მითხრან. იმავე დილით, პრესკონფერენციამდე, ფედერაციის პრეზიდენტთან და მწვრთნელთან საუბრისას კიდევ ერთხელ ვუთხარი: თუ არ ვჭირდებოდი, პირდაპირ ეთქვათ. მხოლოდ გულწრფელობა მჭირდებოდა. ამას მივიღებდი და პირობას ვდებდი, რომ ერთად მოვამზადებდით ლამაზ დასასრულს. მათ ორივემ მითხრა, რომ ასე არ იყო — რომ ჩემი ადგილი ეროვნულ ნაკრებში იყო.
თითქმის 25-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს ჩავრეულვარ არცერთი მწვრთნელის ტექნიკურ ან ტაქტიკურ გადაწყვეტილებაში. ვიღებ იმას, რასაც ჩემგან ითხოვენ. პატივს ვცემ გადაწყვეტილებებს. მაგრამ როდესაც სიტყვას მიტეხენ, ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ არის.
ამასთან, ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებსაც შეკრების დატოვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის სიტყვის დარღვევამ ნდობა მთლიანად დამაკარგვინა, ეს მაინც არ უნდა გამეკეთებინა. პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს პორტუგალიელ ხალხს, მაგრამ ჩემთვის სიტყვის გატეხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიგრძენი, რომ ჩემი დარჩენა გუნდს უფრო დააზიანებდა და ამიტომ გავაკეთე ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი — თუ ვეღარ ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სასარგებლო ვარ, ვალაგებ ჩანთებს და მივდივარ.
ჩემი საქციელის გამო სასჯელი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ უნდა განსაზღვროს. ვფიქრობ, ამ საკითხში შემამსუბუქებელი გარემოება არ უნდა არსებობდეს. მე უბრალოდ ნებისმიერი ფეხბურთელი არ ვარ — ნაკრების კაპიტანი ვარ და ეს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. მესმის, რომ ჩემს საქციელს შედეგი უნდა მოჰყვეს. ფეხბურთში ყველამ უნდა იცოდეს, რომ სტატუსის მიუხედავად, წესები ყველასთვის ერთია.
ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩზე და იმაზე, რომ ფედერაციას სურს, ღირსეული გაცილების შესაძლებლობა მომცეს. შემიძლია ყველა ჩემს გულშემატკივარს და, განსაკუთრებით, პორტუგალიელ ხალხს დავპირდე, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩი ან მატჩები აუცილებლად გვექნება. ამის დრო კიდევ მოვა.
მაგრამ როდესაც ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ, პირველ რიგში კონკურენცია, თამაში და გამარჯვება მახსენდება. ზუსტად ასე მოვიქეცი იმ დღესაც, როდესაც მამის გარდაცვალების ამბავი მივიღე. ნაკრების შეკრებაზე ვიყავი და გადავწყვიტე, მეორე დღის მატჩის დასრულებამდე გუნდთან დავრჩენილიყავი. ქვეყნისთვის გავაკეთე ის, რასაც არცერთი კლუბისთვის არ გავაკეთებდი.
ამიტომ, თუ ფიზიკურად კარგად ვიქნები, ჩემს კლუბში ვითამაშებ, გოლებს გავიტან და ჩემთვის შესაძლო სასჯელსაც მოვიხდი, მე კვლავ მზად ვიქნები, როგორც აქამდე ყოველთვის, ვითამაშო და გავიმარჯვო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს არის, დამიჯერეთ, ყველაზე სუფთა და სრული სიმართლე."
















