მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალიც მოგვიახლოვდა. ოთხი საუკეთესო ნაკრები ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. ერთ მხარეს არიან არგენტინა და ინგლისი, მეორე მხარეს კი საფრანგეთი და ესპანეთი. განვიხილოთ, ორივე წყვილი.
საფრანგეთი V ესპანეთი | 14 ივლისი, 23:00
მსოფლიოს ვიცე და ყოფილი ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ. ორივე ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა ისე, რომ ერთი კითხვაც არ დატოვა. საფრანგეთმა ჯგუფში ძალიან დამაჯერებლად აჯობა ნორვეგიას, სენეგალსა და ერაყს, ესპანეთმა კი ურუგვაის, კაბო ვერდესა და საუდის არაბეთს.
რაც შეეხება პლეიოფს, "მამლებმა" გადალახეს მაროკოს, შვედეთისა და პარაგვაის ბარიერი, პირენეელებმა კი მეზობელი პორტუგალიის, ბელგიისა და ავსტრიის. რაც შეეხება აღნიშნულ ეროვნულ გუნდთა ურთიერთშეხვედრების ისტორიას, 38 თამაში: 18 მოგება "ლა როხას" ანგარიშზე, 13 - "ლურჯების" და 7 ფრე.
ამ ნაკრებების მიერ ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში საფრანგეთმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვა. იყო დრო, როდესაც ხდებოდა საპირისპირო რამ - 1983-2000 წლების შუალედში "მამლები" ესპანეთთან წაუგებლები 8 შეხვედრის მანძილზე იყვნენ. აუცილებლად სახსენებელია აღნიშნული ეროვნული გუნდების უკანასკნელი დუელი, რომელშიც 9-ბურთიან თრილერში მოგებული (5:4) "ლა როხა" გამოვიდა.
ინგლისი V არგენტინა | 15 ივლისი, 23:00
დაპირისპირება, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო უბრალო საფეხბურთო მატჩზე გაცილებით მეტია. ნახევარფინალში გასვლისთვის არგენტინამ ჯგუფში ჯერ აჯობა ალჟირს, ავსტრიასა და იორდანიას, პლეიოფში კი ეგვიპტეს, შვეიცარიასა და კაბო ვერდეს. ინგლისმა ჯგუფში ხორვატიას, განასა და პანამას, პლეიოფში ნორვეგიას, მექსიკასა და კონგოს.
მიუხედავად იმისა, რომ "ალბისელესტემ" ბრიტანელები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოთიშა ორჯერ, 1986 და 1998 წლებში, ურთიერთშეხვედრების ზოგად ისტორიაში საპირისპირო სურათია. 14 თამაში: 6 მოგება ინგლისის ანგარიშზე, მხოლოდ 3 - "სელესიონის" და 5 დუელი ფრედ დასრულდა.
არგენტინას გამარჯვება არ უზეიმია 1998 წლის შემდეგ, 21-ე საუკუნეში სტატისტიკა არის ბრიტანელების მხარეს - ორი მოგება და ფრე. მაიკლ ოუენი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც "ალბისელესტესა" და "3 ლომის" დუელში 2-ზე მეტი ბურთის გატანა შეძლო.











