დღეს, 11 მაისს, ჩვენი დროით 18:15 საათზე გაიმართება საჩემპიონო ელ კლასიკო - ბარსელონა მადრიდის რეალს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სხვაობა კატალონიელებსა და "სამეფო კლუბს" შორის ამ მომენტისთვის 4 ქულას შეადგენს.
ბარსელონა VS რეალი | 18:15
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რჩება ოთხი ტური, ბარსელონასა და რეალს შორის კი როგორც აღვნიშნეთ ოთხი ქულა არის. კატალონიელთა მოგების შემთხვევაში, საჩემპიონო რბოლა იქნება პრაქტიკულად დასრულებული, რადგან მადრიდელები მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩებიან.
"სამეფო კლუბის" გამარჯვების შემთხვევაში კი "ბლაუგრანასთან" ჩამორჩენა სულ რაღაც ერთ ქულამდე შემცირდება. ეს იქნება რიგით მეოთხე კლასიკო მიმდინარე სეზონში, წინა 3 ჰანსი ფლიკის გუნდის მოგებით დასრულდა. დიახ, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა წააგეს პრიმერა დივიზიონის პირველ წრეში, ასევე ესპანეთის სუპერთასის ფინალსა და ესპანეთის თასის ფინალში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს იქნება ბოლო ელ კლასიკო იტალიელი მწვრთნელის კარიერაში, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბერნაბეუს დატოვებს. ლეგენდარული სპეციალისტი კარიერას უდიდესი ალბათობით გააგრძელებს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში, რეალში კი მას ჩაბი ალონსო შეცვლის.
რაც შეეხება დანაკლისს, მონჟუიჯის ბინადრებს არ ეყოლებიან ჟიულ კუნდე და მარკ ბერნალი, ასევე საეჭვოა რობერტ ლევანდოვსკის, ალეხანდრო ბალდეს, მარკ კასადოსა და პაბლო ტორეს თამაში. მადრიდელთა დანაკლისი: დანი კარვახალი, ანტონიო რუდიგერი, დავიდ ალაბა, ედერ მილიტაო, ფერლან მენდი და ედუარდო კამავინგა.
კვირის მატჩის დღე
| 15:00 | ნიუკასლი-ჩელსი | პრემიერ ლიგა |
| 17:15 | მანჩესტერი-ვესტ ჰემი | პრემიერ ლიგა |
| 18:15 | ბარსელონა-რეალი | ლა ლიგა |
| 19:30 | ლივერპული-არსენალი | პრემიერ ლიგა |
| 20:00 | ტორინო-ინტერი | სერია ა |
| 22:45 | ნაპოლი-ჯენოა | სერია ა |








