მანჩესტერ სიტის კრიზისის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა უკანასკნელ შვიდ შეხვედრაში ექვსჯერ წააგო, ხოლო ერთხელ ფრე ითამაშა. ბრიტანული პრესის ცნობით, "ქალაქელებმა" კიდევ ერთი მატჩი დათმეს, რის შემდეგაც პეპ გუარდიოლას ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
"ლურჯებმა" გასულ კვირას ამხანაგური შეხვედრა გამართეს კლუბის აკადემიის ფეხბურთელების წინააღმდეგ და ის თამაში იუნიორთა დამაჯერებელი მოგებით დასრულდა. გუარდიოლამ ამ მატჩზე დააყენა თითქმის იგივე შემადგენლობა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, როტერდამის ფეიენოორდის წინააღმდეგ (3:3).
ეტიჰადელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ განტვირთვა, თუმცა რეალურად, სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ, სიტი 23 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ლიდერ ლივერპულს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.