საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების შეხვედრის წინ, LaGazzetta.ge გაესაუბრა შოთა არველაძეს, რომელიც 21 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის ერთ-ერთი მონაწილე იქნება. ლეგენდარულმა ქართველმა ფორვარდმა ისაუბრა მოახლოებულ ღონისძიებაზე, ეროვნულ ნაკრებსა და სამომავლო გეგმებზე.
- რა მოლოდინები გაქვთ ლეგენდების მატჩთან დაკავშირებით და როგორ ფორმაში ხვდებით ამ თამაშს?
- გულახდილები ვიყოთ, მოლოდი არის ერთი - ენერგია, რაც ამ ქვეყანაში ფეხბურთის ირგვლივ არსებობს, ადრეც, წლების წინ, 60-იან წლებში, 80-იანებში, 90-იანებში, 2000-იანებში და ახლაც. პლიუს რაც ჩვენმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში შექმნა, ამ ყველაფრის შემდეგ, შენც რომ შეგიძლია გამოხვიდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ითამაშო, პასი მისცე, გოლი გაიტანო.
ამას აქვს თავისი დატვირთვა, ეს არის საფეხბურთო ზეიმი. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარი საფეხბურთო დესერტი, იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც საქართველოს ნაკრები ახლა აკეთებს. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაში და აღარ გვიწევს ჩვენ სხვაგან წასვლა. ადრე ვთამაშობდით ზოგი მილანში, ზოგი აიაქსში, ზოგი ინგლისში, ახლა კი ჩვენთან მოდიან სათამაშოდ ისინი.
ჩვენც ამ დღისთვის ვემზადებით. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც ხალხი ასე სწრაფად ბილეთს ყიდულობს და შენს სანახავად მოდის. ნებისმიერი სპორტსმენი, მსახიობი, თუ სხვა მოღვაწე, ვისაც ხალხთან აქვს შეხება, დამეთანხმება, რომ ხალხის ტაშსა და დაფასებაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.
- თქვენთვის პირადად, არის თუ არა მილანის შემადგენლობაში რომელიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთანაც შეხვედრას განსაკუთრებულად ელით?
- აღარ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ეს ყველაფერი მიხარია. იგივე რივალდოსთან აქტიურ დროსაც მაქვს ნათამაშები, ბარსელონა - აიაქსი იყო, გოლიც მაქვს გატანილი თავით. კაკასთანაც მაქვს ნათამაშები და იმ თამაშშიც მაქვს, სხვათაშორის, გოლი გატანილი თავით. მიხარია, რომ ასეთი დონის მოთამაშეებთან მიწევს თამაში.
ეს თამაში რომ იყოს ოფიციალური და სატურნირო ხასიათს ატარებდეს, მოგინდებოდა, რომ უფრო სუსტი შემადგენლობა ჩამოსულიყო. ახლა ეს არის სანახაობა და რა თქმა უნდა, გიხარია, რომ ისინი ჩამოვლენ და შენ მათთან ერთად ითამაშებ.
- სამომავლოდ, მსგავსი ღონისძიება რომ ჩატარდეს, რომელი გუნდის ვარსკვლავების წინააღმდეგ ისურვებდით თამაშს?
- Geo 11-ის სერიალს გავაგრძელებთ, ჯერ ინტერი, ახლა მილანი. შემდეგი იქნება ბაიერნი, ბარსელონა ან ლივერპული, ალბათ აპრილის თვეში ვითამაშებთ. თითქმის მოლაპარაკებულები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მთავარი ვარსკვლავები იმ დროს არ იყვნენ დაკავებულები და სათამაშო დრო ჰქონდეთ.
მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ბარსელონაზე, აუცილებლად უნდა იყოს რონალდინიო. მის გარეშე ბარსელონა წარმოუდგენელია. ბაიერნში აუცილებლად რომ იყოს რიბერი-რობენიდან, თუნდაც ერთ-ერთი ან სხვები, ეფენბერგი, შვაინშტაიგერი და სხვები, ანუ დიდი ფეხბურთელები. ლივერპულში გვინდა იყოს ჯერარდი, ტორესი, მასკერანო, სუარესი.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დრო გვაქვს, ჩვენს გვერდით არის ძლიერი პარტნიორი, თუმცა მთავარი სულისჩამდგმელი არის ის ხალხი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი, მოდის სტადიონზე ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. თუნდაც წინა მატჩი რომ ავიღოთ, ბათუმში ჩატარდა, წვიმდა, მაგრამ ყველა მაინც მანდ წავიდა. შემდეგი მატჩი თბილისში ჩატარდება.
- საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებსაც რომ შევეხოთ, როგორ შეაფასებდით და ვის გამოარჩევდით?
- ყველას გამოვარჩევ, ორივე შეხვედრაში თითოეულმა მათგანმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ერთ ფეხბურთელსაც ვერ იპოვი ისეთს, რომელმაც ვერ ითამაშა ისე, როგორც უნდა ეთამაშა. კარგი სტარტი იყო, ლამაზი, ხარისხიანი, სანახაობრივი და შედეგზე ორიენტირებული თამაშით. 2 თამაშში გავიტანეთ 5 გოლი, თან ულამაზესი გოლები.
მნიშვნელოვანი ქულები მოვაგროვეთ გრძელვადიან შესარჩევში და მგონია, რომ ამ ციკლის ჩამთავრება წაუგებლად შეგვიძლია. ვთვლი, რომ უკრაინასთან ორივე მატჩს მოვიგებთ და 12 ქულით ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიქნებით.
- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია?
- ამ ჯგუფში მოპოვებული 12 ქულა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გასაგებია, რომ პირველი ადგილის დაკავებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად არ მოვხვდებით, მაგრამ ჩვენ ვართ ნაკრები, რომელმაც მოუგო პორტუგალიას, ჩეხეთს, თანაც 4 ბურთი გაუტანა. ეს ყველაფერი არ მოდის მარტივად, შენარჩუნება და გარღმავებაა საჭირო.
- სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. თურქულ პრესაში დაიწერა, რომ ტრაბზონსპორში დაბრუნებაზე თქვით უარი. თურქული კლუბი სპორტული დირექტორის პოსტს გთავაზობდათ. რა კომენტარს გააკეთებდით ამ ფაქტთან დაკავშირებით?
- დიახ, უარი ვთქვი. მადლობელი ვარ შენოლ გიუნეშისა და კლუბის. პროფილის შეცვლა მიწევდა და ვფიქრობ, ამის გაკეთება ჯერ ადრეა. უარის მიზეზი არ ეხებოდა გამოცდილებას, უბრალოდ ვთვლი, რომ ჯერჯერობით სხვა საქმის გაკეთებაც შემიძლია.
- სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების ვარიანტები თუ არის?
- მაქვს რაღაც ვარიანტები, თუმცა არა ისეთი, სალაპარაკო რომ იყოს. ზოგადად არ არის მარტივი ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღება. მქონდა შემოთავაზებები კარგი ისტორიის მქონე ევროპული კლუბებიდან, არა ტოპ 5 ლიგიდან.
ჰალში ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონშიფია, მაინც არაჩვეულებრივი გარემო იყო. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ინგლისში. მქონდა კარგი ვარიანტები, თუმცა ბოლოს ისე მოხდა, რომ არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერეს.