სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა კოპა ამერიკის 1/2 ფინალი, სადაც კოლუმბიამ ურუგვაი 0-1 დაამარცხა და ფინალში გასვლა მოახერხა. ლორენცოს გუნდი ფინალში არგენტინას შეხვდება, მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით დილის 04:00 საათზე დაიწყება.
გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა — თავი ჯეფერსონ ლერმამ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯმა მოედნიდან მუნიოსი გააძევა და კოლუმბია 10 კაცით დარჩა.
90 წუთის განმავლობაში მოედანზე ბევრი უხეში თამაში დაფიქსირდა, ფეხბურთელები საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილი, რასაც მატჩის დასრულების შემდეგ, დიდი არეულობაც მოჰყვა. მატჩის შემდეგ, ურუგვაის ცენტრალურმა მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა განაცხადა, რომ ზოგიერთი კოლუმბიელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან ურუგვაის ნაკრების ოჯახის წევრების მიმართ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, რასაც შემდგომში ფეხბურთელებსა და ფანებს შორის ჩხუბიც მოჰყვა.
დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვდა ურუგვაის ნაკრების ფორვარდი დარვინ ნუნიესი, რომელიც კოლუმბიელ გულშემატკივრებთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთო. საქმეში მალევე პოლიციაც ჩაერთო, თუმცა ამის მიუხედავად მხარეებს შორის ჩხუბი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.