როგორც მოგეხსენებათ, ვოიცეხ შჩესნიმ საფეხბურთო კარიერა განაახლა და ბარსელონას შეუერთდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვალენსიას ყოფილმა გოლკიპერმა, სანტიაგო კანისარესმა. ვეტერან კარის დარაჯს შეახსენეს ის ფაქტიც, რომ პოლონელი მეკარე თავის დროზე თამბაქოს მოხმარების გამო დააჯარიმეს.
"ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ფეხბურთელი ზოგჯერ ალკოჰოლსა და თამბაქოს ეტანება. ეს მაინც ჯობია თამაშს ქარიზმისა და ვნების გარეშე. თანამედროვე ფეხბურთელები იცავენ რეჟიმს, მაგრამ ძალიან მოსაწყენად თამაშობენ. მთავარია, ვნება, თამაშის სურვილი, ნიჭი და გამარჯვებულის მენტალიტეტი.
მესმის, რომ გასახდელში მოწევა კლუბის იმიჯზე მოქმედებს უარყოფითად, თუმცა სახლში ამის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა ყოფილმა ესპანელმა გოლკიპერმა. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, ლონდონის არსენალის იმდროინდელი კარის დარაჯი სიგარეტის მოწევის გამო 25 000-ით დააჯარიმეს.