შეთანხმება შედგა! ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედის დასატოვებლად კიდევ ერთხელ ემზადება, 24 წლის ინგლისელი ვინგერი 1-წლიანი იჯარით ჩელსიში ითამაშებს, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. ჯეიდონს ლონდონში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მას შემდეგ, რაც ჯეიდონ სანჩო მანჩესტერში დაბრუნდა, განიხილებოდა მისი გუნდში დარჩენა. ფეხბურთელმა და ერიკ ტენ ჰაგმა მომავალზეც ისაუბრეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადეს, თუმცა ყველაფერი დაახლოებით ერთი კვირის წინ ისევ შეიცვალა, როდესაც გაირკვა, რომ სანჩოს გუნდის დატოვება ისევ სურდა. განიხილებოდა პსჟ-ს ვარიანტი, თუმცა ეს გარიგება არ შედგა.
ჩელსი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მარესკამ კიდევ ერთი შემტევის დამატება მოითხოვა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ რაჰიმ სტერლინგი ლონდონური კლუბის დატოვებასთანაა ახლოს.
სანჩოს კონტრაქტში ჩაიწერება გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტი, რის მიხედვითაც, ინგლისელი 2025 წლის ზაფხულში ჩელსის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.