გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომხეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩს, რომელიც მარტში შედგება, დინამო არენა უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, უსაფრთხოების გამო, წინა შეხვედრები მიხეილ მესხისა და ბათუმი არენას სტადიონებზე ჩატარდა, რადგან დინამო არენას რესტავრაცია ესაჭიროება.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.
"რადგან ამჟამინდელ სტადიონად დინამო არენაა მითითებული, იმის მაუწყებელია, რომ გვინდა თამაში ამ სტადიონზე ჩატარდეს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დინამოზე ჩატარდება.
ვიცით, რა პრობლემები აქვს დინამო არენას. დიდი იმედი და სურვილი გვაქვს, რომ სტადიონის ადმინისტრაცია მარტამდე უსაფრთხოების ნორმებს უზრუნველყოფს და მარტის თამაშს ამ არენაზე ჩავატარებთ.
მარტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ბილეთების გაყიდვას ადრე ვიწყებთ ხოლმე, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა ვიცოდეთ, მზად არის თუ არა დინამო არენა სანაკრებო მატჩისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვინდა თამაში იქ ჩატარდეს, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, რადგან ჩვენ სტადიონს ვქირაობთ", - განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის საქართველოში 23 მარტს ჩატარდება.