ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დრამატულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"როდესაც ასეთი დონის გუნდთან შეცდომებს უშვებ, რა თქმა უნდა, ისინი არ გაპატიებენ და დავისაჯეთ კიდეც. ის დავალებები, რაც თამაშის წინ გვქონდა, არ შესრულდა, ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ჩვენს ნახევარზე ბევრ შეცდომას ვუშვებდით.
ხშირად ხდებოდა ისე, რომ ბოლო წუთზე ჩვენ ვიგებდით, ქამბექებს ვაკეთებდით, ახლა კი ბოლო წუთზე ჩვენვე დავმარცხდით. ჩემი აზრით, ეს ფიზიკური გადაღლილობის ბრალია, საზონოვმაც ტრავმა მიიღო და მეტოქემ ისარგებლა. იღბალი მიდის მასთან, ვინც იმსახურებს, ჩვენ კი ვეცდებით ეს იღბალი დავიბრუნოთ.
ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ასე ითამაშეს. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და ჩვენი ხასიათი ასევე ძლიერ პორტუგალიასთან გამოვავლინოთ. ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული და ამ მატჩს მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ", - განაცხადა სვანაძემ.








