მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა, რომლის გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი - 1:1, თამაშის შემდგომ 11-მეტრიანებში გამარჯვება "სამეფო კლუბმა" მოიპოვა.
"ასეთი ინტენსიური თამაშით, სხვა ნებისმიერ სპორტის სახეობაში გამარჯვებას მოვიპოვებდით. ნახევარფინალში გასვლისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ. რეალმა 11-მეტრიანებში გვაჯობა, რაც ამ დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. ვულოცავ მეტოქეს, ისინი 1/2 ფინალში არიან.
რატომ დავარტყმევინე პენალტი ბერნარდოს? - მან თავად გამოთქვა ამის სურვილი, თანაც ძალიან კარგად ჩაატარა შეხვედრა. ეს არაფერს ცვლის, ის კვლავაც რჩება სიტისთვის საიმედო მოთამაშედ", - განაცხადა ესპანელმა ტაქტიკოსმა, რომლის გუნდი მადრიდელებთან წაგებამდე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო.