თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი გიჟური მატჩი გაიმართა. რამდენიმე საათის წინ დასრულდა ტრაბზონსპორი-ფენერბაჰჩეს კლასიკად ქცეული დაპირისპირა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. ფენერმა მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2:3 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, მეორე პოზიციამდე აღზევდა. მაყურებელმა არც მეტი, არც ნაკლები 9 ყვითელი ბარათი იხილა, ფეხბურთელებმა ერთმანეთს მოედანზე არაფერი დაუთმეს, რაც საბოლოო ჯამში დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოსარჩევი იყო ჟოზე მოურინიოს ქცევები, როგორც მატჩის მიმდინარეობისას, ისე დასრულების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ მოედანზე საოცარი ამბები ხდებოდა, ყურადღების ცენტრში მაინც პორტუგალიელი სპეციალისტი იყო.
ფენერბაჰჩემ გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის ბოლოს, კერძოდ 102-ე წუთზე გაიტანა, როდესაც თავი სოფიან ამრაბატმა გამოიჩინა, ამ ყველაფერს კი ჟოზეს საოცარი რეაქცია მოჰყვა. პორტუგალიელი მოედანზე შევარდა და გოლი მუხლებზე გასრიალებით აღნიშნა. შეიძლება მაყურებელს ეფიქრა, რომ ჟოზეს შოუ აქ დასრულდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც მატჩი დასრულდა, მოურინიომ გამარჯვება ტრაბზონის ფანების წინ აღნიშნა, რასაც მასპინძელი გუნდის გაღიზიანება მოჰყვა. ფანებმა მოედნის მიმართულების საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც მოედანზე პოლიციის შეყვანა გახდა საჭირო.
მოურინიოს გუშინდელი გამოსვლა ფედერაციასთან დაპირისპირებით დაასრულა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, პორტუგალიელმა პრეტენზიები მსაჯებისა და ვიდეო რეფერის წინააღმდეგ გამოთქვა. მისი განცხადებით, თურქული ფეხბურთი კორუპციაშია ჩაფლული და რომ სცოდნოდა, რომ ასეთი სიტუაცია იყო, ის ფენერბაჰჩეში მუშაობას არ დათანხმდებოდა.